perseverance geocyb 1

NASA-ს მორიგი მარსმავალის – Perseverance-ს წარმატებული დაშვება წითელი პლანეტის ზედაპირზე

Date: 21.02.2021

Author: J.Markhulia

18 თებერვალს, თბილისის დროით 3:30 სთ-ზე (წყნარი ოკეანის სტანდარტული დროით (Pacific Standard Time  – PST) 15:30 (3:30 pm), ამერიკულმი საპლანეტაშორისო ავტომატური სადგურიდან, წარმატებით განხორციელდა NASA-ს (აშშ-ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს) მორიგი მარსმავალის (როვერის) Perseverance-ს ( “შეუპოვრობა” – მასა -1025 კგ, სიგრძე 3 მ,სიგანე – 2,7 მ ) წარმატებული დაშვება მარსის ზედაპირზე.

ამ მისიაში მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ როვერში განთავსებულია, პირველი „ჰელიკოპტერი“ (Mars Helicopter) – მარსის შვეულმფრენი დრონი –  ”Ingenuity” (”გამომგონებლობა” – მასა ≈2 კგ, მზიდი ხრახნის დიამეტრი 1.2 მ, სიმაღლე – 80 სმ),  რომელმაც უნდა განახოციელოს საცდელი სადაზვერვო ფრენები წითელ პლანეტაზე. ფრენები დაგეგმილია 2021 წლის გაზაფხულისთვის და გაგრძელდება დაახლოებით 30 სოლის (მარსის დღე – შეადგენს 24 საათს 39 წუთს და 35 წამს) განმავლობაში.

სურ. 1 Perseverance-ის დაშვების ფოტო-გამოსახულება. სურათი გადაღებულია დაშვების მოდულის კამერიდან [1].

NASA-ს ეს მისია განხორციელდა „მარს 2020“-ის (Mars 2020 Rover Mission) ფარგლებში, რომელმაც სტარტი აიღო 2020 წლის 30 ივლისს.

საპლანეტაშორისო ავტომატური სადგური მარსის ატმოსფეროში შევიდა  დაახლოებით 20 000 კმ/სთ სიჩარით. მარსის ზედაპირიდან 11 კმ-ზე გაიხსნა პარაშუტი (დიამეტრით 21,5 მ). საფრენი აპარატის სამუხრუჭე ძრავებისა და პარაშუტის მეშვეობით სიჩქარე შემცირდა 3 კმ/სთ-მდე, რის შემდეგაც ზედაპირიდან დაახლოებით 2 კმ სიმაღლეზე მოქმედებაში ჩაერთო ე.წ “ციური ამწე”, რომელმაც, სპეციალური გვარლების (ბაგირების) მეშვეობით ჩამოუშვა და ფრთხილად მარსის გრუნტზე დასვა მარსმავალი. როვერი Perseverance დაშვებულიქნა მარსის ერთ-ერთ კრატერზე – ჯეზეროზე (Jezero).

სურ.2 როვერის მარსის ზედაპირზე დაშვების სქემა [2].

მარსის ზედაპირზე დაშვება გრძელდებოდა დაახლოებით შვიდი წუთი. რადგან მარსიდან დედამიწაზე გამოგზავნილი რადიოსიგნალები (მანძილის გამო) იგვიანებს,  ხოლო მარსის ატმოსფეროში საფრენი აპარატის შესვლისას მანევრირების პროცესები მიმდინარეობს სწრაფად და დროის მცირე მონაკვეთში, დაშვების მთელი ამ რთული ოპერაციის მართვა ხორციელდებოდა ავტომატურ რეჟიმში. ამრიგად, მარსის ატმოსფეროში მფრინავი აპარატის შესვლა, დაშვება და ზედაპირზე დაჯომა – წარმოადგენს მისიის უმთავრეს და ამავედროს ყველაზე სახიფათო ეპიზოდს.   სწორედ ამიტომ, დაშვების ამ პერიოდს ხშირად მოიხსენიებენ „საშინელების შვიდი წუთის“ – (7 Minutes of Terror)  სახელწოდებით.

https://www.youtube.com/embed/rzmd7RouGrM?feature=oembedვიდეო: მარსის ზედაპირზე Perseverance-ის დაშვების ანიმაცია

როგორც NASA იუწყება, როვერის დაშვების შემდეგ აპარატის ყველა სისტემა მწყობრშია და მუშაობს საშტატო რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ ეს არის ამერიკელების რიგით მეხუთე  მარსმავალი (როვერი) – Sojourner (1997), Spirit (2004), Opportunity (2004) და  Curiosity (2011) როვერების შემდეგ.

მარსმავალი ფაქტობრივად წარმოადგენს ავტონომიურ სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიას. ის თავის წინამორბედ როვერთან – „Curiosity“ -თან შედარებით 126 კგ-ით უფრო მძიმეა, ამასთან მარსზე მყოფი სხვა როვერებისგან მიღებულ გამოცდილებებზე დაყრდნობით გაუმჯობესებულია სხვადასხვა ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები. Curiosity-თან შედარებით Perseverance-ს გააჩნია ნაკლები სიგანის, მაგრამ მეტი დიამეტრის, სქელი და უფრო მყარი ალუმინის ბორბლები. როვერი  აღჭურვილია ხუთ სახსრიანი რობოტიზირებული მანიპულატორი „ხელით“ -სიგრძით 2.1 მ. რობოტიზებული „ხელი“  განკუთვნილია მარსის ზედაპირიდან  გეოლოგიური ნიმუშების ასაღებად და ანალიზის ჩასატარებლად. მარსმავალის რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორი (Radioisotope thermoelectric generator) იყენებს სითბურ ენერგიას, რომელიც გამოიყოფა რადიაქტიული იზოტოპების ბუნებრივი დაშლისას და მას თერმოელექტროგენერატორის მეშეობით გარდაქმნის ელექტროენერგიად. გენერატორის მასაა 45 კგ და ენერგიის წყაროდ იყენებს 4.8 კგ პლუტონიუმის დიოქსიდს.  

სურ.3 როვერის სქემატური გამოსახულება (3D მოდელის ნახვა შეგიძლიათ აქ, ხოლო ანიმაციის ამ ბმულზე [4].

ქვემოთ წარმოდგენილია როვერის მარსის ზედაპირზე დაშვების შემდეგ გამოგზავნილი ფოტო-სურათები.

სურ. 4 როვერის ერთ-ერთი ე.წ “HazCam” – კამერით გადაღებული პირველი ფოტოსურათი
სურ.5 Perseverance-ის მიერ გადაღებული კიდევ ერთი ფოტოსურათი. სურათზე მარსის ზედაპირის ფონზე ჩანს მარსმავალის ექვსი ბორბლიდან ერთ-ერთი.

მარსის ზემოთხსენებული მისიის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ  მარიკა ტარასაშვილის პოსტში „ გზა მარსისკენ და უკან – NASA-ს მარსმავალი ”Perseverance” და მისი ნიმუშის კონტეინერები“.

გამოყენებული წყაროს მისამართები:

1. https://www.nasa.gov/press-release/nasa-s-perseverance-rover-sends-sneak-peek-of-mars-landing

2. https://mars.nasa.gov/technology/helicopter/

3. https://mars.nasa.gov/resources/25489/perseverance-rovers-entry-descent-and-landing-profile/

4. https://phys.org/news/2017-10-mars-rover-eyes.html

5. https://mars.nasa.gov/mars2020/spacecraft/rover/electrical-power/

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *