საქართველო და ადრეული დამწერლობის სისტემების არქეოლოგიური მემკვიდრეობა

ავტორი: ჯანო მარხულია ( J.Markhulia)

(ნაწილი III)

აბსტრაქტი

წინამდებარე სტატია წარმოადგენს ნაშრომის — „შუმერული ლურსმულიდან გრაკლიანის წარწერამდე: კავკასია როგორც უძველესი წერითი კულტურის გზაჯვარედინი“ — მესამე ნაწილს. ნაშრომის პირველ ნაწილში განხილულია უძველესი დამწერლობის სისტემების ფორმირება და ევოლუცია ახლო აღმოსავლეთსა და მიმდებარე რეგიონებში, ხოლო მეორე ნაწილი ფოკუსირებულია კავკასიის, განსაკუთრებით საქართველოს, როლზე თანამედროვე ადამიანის გენეზისსა და ადრეული ცივილიზაციური პროცესების კონტექსტში ქვედა პალეოლითიდან გვიან ქალკოლითამდე.

მესამე ნაწილი ეძღვნება კავკასიის, კერძოდ საქართველოს სივრცეში ადრეული ნიშნობრივი და პროტო-წერითი პრაქტიკების არქეოლოგიურ და სემიოტიკურ ანალიზს. სტატიაში განხილულია კოლხეთის კულტურულ გარემოში დაფიქსირებული ნიშნობრივი ტრადიციები, გრაკლიანის გორის წარწერები და ბაშფლემის ტბასთან აღმოჩენილი ფირფიტა, მათი სტრუქტურული თავისებურებებისა და ფუნქციური კონტექსტის გათვალისწინებით. წარმოდგენილი მასალა არ ისახავს მიზნად დასრულებული ანბანური დამწერლობის არსებობის მტკიცებას, არამედ ცდილობს გამოავლინოს ის კულტურული და ინტელექტუალური გარემო, რომელშიც სიმბოლური ნიშნების სტრუქტურირებული გამოყენება შესაძლებელი გახდა.

არქეოლოგიური მონაცემების კრიტიკული სინთეზი მიუთითებს, რომ კავკასია არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ როგორც წერითი კულტურების გავრცელების პერიფერია. პირიქით, რეგიონი წარმოჩნდება როგორც აქტიური სივრცე, სადაც ადგილობრივი ტრადიციები, რეგიონული კონტაქტები და ტექნოლოგიური ინოვაციები ურთიერთქმედებაში შედიოდა. ამგვარი მიდგომა ქართული დამწერლობის ისტორიულ ჩამოყალიბებას გვიანანტიკურ ეპოქაში განიხილავს არა როგორც უეცარ მოვლენას, არამედ როგორც ხანგრძლივი და მრავალფენიანი კულტურული პროცესის შედეგს.

საკვანძო სიტყვები: პროტო-დამწერლობა, გრაკლიანის წარწერები, კოლხური კულტურა, სემიოტიკური ანალიზი.

Abstract

The article constitutes the third part of the study entitled “From Sumerian Cuneiform to the Grakliani Inscriptions: The Caucasus as a Crossroads of the Earliest Writing Culture.” The first part examines the formation and evolution of the earliest writing systems in the Near East and adjacent regions, while the second part focuses on the role of the Caucasus, particularly Georgia, in the genesis of modern humans and in early civilizational processes from the Lower Paleolithic to the Late Chalcolithic.

The third part is devoted to the archaeological and semiotic analysis of early symbolic and proto-writing practices within the Caucasus, specifically in the territory of Georgia. The article discusses the sign traditions attested in the cultural milieu of Colchis, the inscriptions of Grakliani Hill, and the plaque discovered near Lake Bashplemi, taking into account their structural features and functional context. The material presented does not aim to prove the existence of a fully developed alphabetic writing system; rather, it seeks to identify the cultural and intellectual environment in which the structured use of symbolic signs became possible.

A critical synthesis of archaeological data suggests that the Caucasus should not be regarded merely as a peripheral zone for the diffusion of writing cultures. On the contrary, the region emerges as an active space where local traditions, regional contacts, and technological innovations interacted. Such an approach considers the historical formation of the Georgian script in the Late Antique period not as a sudden phenomenon, but as the outcome of a long-term and multi-layered cultural process.

Keywords: Proto-writing, Grakliani inscriptions, Colchian culture, Semiotic analysis.

1.1 უძველესი დამწერლობის სისტემები და მათი გავლენა კავკასიის კულტურაზე

დამწერლობა არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთჯერადი „გამოგონება“ ან წინასწარ განსაზღვრული, სრულყოფილი სისტემის მყისიერი შექმნა. პირიქით, სხვადასხვა ისტორიულ და სოციალურ კონტექსტში წარმოშობილი ნიშნობრივი სისტემები ადამიანის აზროვნების უნიკალურ გამოვლინებებს წარმოადგენენ, რომლებიც კონკრეტული საზოგადოების განვითარების ეტაპზე არსებულ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს პასუხობდნენ. ამ თვალსაზრისით, დამწერლობის სისტემების შეფასება „სრულფასოვან“ ან „არასრულფასოვან“ კატეგორიებში არა მხოლოდ არაზუსტია, არამედ მეთოდოლოგიურად პრობლემურიც, ვინაიდან თითოეული მათგანი თავისი დროისა და გარემოს ფარგლებში უკვე სრულფუნქციურ ინტელექტუალურ მოდელს წარმოადგენს.

წერითი და ნიშნობრივი პრაქტიკების ფორმირება მჭიდროდ არის დაკავშირებული სოციალური სირთულის ზრდასთან, ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციასთა და ინფორმაციის შენახვა–გადაცემის აუცილებლობასთან. ეს პროცესი არ მიმდინარეობს ხაზოვნად და არ ექვემდებარება ერთიან ევოლუციურ სქემას; იგი მრავალცენტრულია და ხშირად პარალელურად ვითარდება სხვადასხვა რეგიონში.

კავკასია ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. გეოგრაფიულად იგი წარმოადგენს შავი ზღვის, წინა აზიისა და შიდა ევრაზიის (Inner Eurasia) დამაკავშირებელ სივრცეს, სადაც უძველესი დროიდანვე იკვეთებოდა მიგრაციული, ეკონომიკური და კულტურული ნაკადები [1; 2]. სწორედ ასეთ ლიმინალურ  არეალებში იქმნება ნოყიერი ნიადაგი არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ სიმბოლური და  სემიოტიკური ინოვაციებისთვის.

კავკასიის, განსაკუთრებით კი საქართველოს ადგილი წერითი კულტურის ისტორიის გლობალურ ნარატივში ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიხილებოდა როგორც პერიფერიული. წერილობითი ძეგლების სიმცირემ და დასრულებული ანბანური სისტემის გვიანმა დადასტურებამ შექმნა წარმოდგენა, თითქოს რეგიონში წერითი პრაქტიკა მხოლოდ გარედან შემოსული გავლენების შედეგი იყო. თუმცა, ბოლო ათწლეულებში განხორციელებულმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა და ტექსტოლოგიურმა ანალიზმა ეს სურათი მნიშვნელოვნად შეცვალა. 

ისეთი არტეფაქტები, როგორებიცაა გრაკლიანის გორის იდუმალი წარწერები, ბაშფლემის ტბის მახლობლად აღმოჩენილი ფირფიტა, ჯუმითისა და დაბლაგომის ხაზოვანი წარწერები, ისევე როგორც ანტიკური ეპოქის ცნობები კოლხური სამწერლო ტრადიციის შესახებ, საკითხს სრულიად ახალ პერსპექტივაში აყენებს. ეს მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ კავკასია არ იყო კულტურათა მხოლოდ პასიური მიმღები, არამედ შესაძლოა, წარმოადგენდა წერითი კულტურის ერთ-ერთ დამოუკიდებელ, ავტოქტონურ კერას, სადაც ადგილობრივი ტრადიციები უძველეს დამწერლობათა გავლენასთან სინთეზში ვითარდებოდა.

1.2 ურბანიზაცია და სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა — წინაპირობა დამწერლობისთვის

საქართველოს ტერიტორიაზე ბრინჯაოსა  და ადრერკინის ხანაში ჩამოყალიბებული კულტურული სივრცეები — როგორც დასავლეთში (კოლხეთი), ისე აღმოსავლეთში (მტკვარ-არაქსისა  და თრიალეთის კულტურული   წრეები)  — ავლენენ სოციალური სირთულის იმ დონეს, რომელიც ინფორმაციის ორგანიზებული ფიქსაციის საჭიროებას ბუნებრივად წარმოშობს [3; 4]. ამ რეგიონებში კულტურული განვითარება არ ატარებდა ეპიზოდურ ხასიათს; იგი ეფუძნებოდა ხანგრძლივ, უწყვეტ და მეტწილად ავტოქტონურ ტრადიციებს, რაც ინტელექტუალური პრაქტიკების სტაბილურობის აუცილებელი წინაპირობაა [5-7]. ამ საერთო კავკასიურ ფონზე კოლხეთი მკვეთრად გამოირჩევა თავისი არქეოლოგიური თავისებურებით.

დასავლეთ საქართველოში კოლხეთის კულტურული სივრცე წარმოაჩენს თვითმყოფად და სტრუქტურულად მდგრად სისტემას. ისტორიულ-არქეოლოგიური თვალსაზრისით, იგი ყურადღებას იპყრობს არქეოლოგიური იზოლაციითა და იმანენტური  განვითარების მაღალი ხარისხით. კვლევები ცხადყოფს, რომ აქ ჩამოყალიბებული კულტურული ტრადიცია ვითარდებოდა დამოუკიდებლად, საკუთარი შიდა ლოგიკისა და ქრონოლოგიური უწყვეტობის ფარგლებში [5-7].

ეს „იზოლაცია“ არ უნდა გავიგოთ როგორც კულტურული ჩაკეტილობა. პირიქით, კოლხეთი წარმოადგენდა სივრცეს, რომელიც გეოგრაფიულად დაკავშირებული იყო შავი ზღვის აუზსა და რეგიონულ საკომუნიკაციო ქსელებთან, თუმცა ამავე დროს ინარჩუნებდა მკვეთრად ინდივიდუალურ მატერიალურ კულტურასა და ტექნოლოგიურ ტრადიციებს. სწორედ ასეთი კომბინაცია — გარე კონტაქტების პოტენციალი და შიდა განვითარების დამოუკიდებლობა — ქმნის იმ გარემოს, სადაც ინტელექტუალური და სემიოტიკური ინოვაციები შეიძლება ავტოქტონურად ჩამოყალიბდეს.

კოლხური კულტურის ქრონოლოგიური უწყვეტობა, რომელიც ნეოლითიდა   ადრინდელ რკინის ხანამდე იკვეთება, მიუთითებს სტაბილურ სოციალურ სტრუქტურებზე. ამ სისტემის ფარგლებში ყალიბდება ურბანული ტიპის დასახლებები, სპეციალიზებული სახელოსნოები და ეკონომიკური ურთიერთობების კომპლექსური ქსელი [5-8]. მსგავსი სოციალური ორგანიზაცია იშვიათად ფუნქციონირებს მხოლოდ მნემოტექნიკური (ზეპირი) რესურსის საფუძველზე და, როგორც წესი, საჭიროებს ინფორმაციის ფორმალიზებულ გადაცემას.

ასურული და ურარტული წერილობითი წყაროები კოლხეთის (კულხა/კილხი) სივრცეს წარმოაჩენენ როგორც პოლიტიკურად ორგანიზებულ ერთეულს, რომელიც ჩართული იყო რეგიონულ ძალთა ბალანსში [8-11]. მსგავსი პოლიტიკური სტრუქტურები წარმოუდგენელია არსებობდეს მინიმალური ადმინისტრაციული მექანიზმების გარეშე. ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, მოითხოვს აღრიცხვას, შეთანხმებების ფიქსაციასა და ინფორმაციის სტრუქტურირებას — იქნება ეს წერილობითი, ნიშნობრივი თუ პირობით-სიმბოლური ფორმით.

სურათი.1 კოლხეთი, ურარტუ და ასურეთი სარდურ II-ის მეფობის ხანაში (ძვ. წ. 743 წ.). რუკა შედგენილია სხვადასხვა კარტოგრაფიულ წყაროებზე ( Hardscarf წყარო; Sémhur წყარო; Sémhur, წყარო) დაყრდნობით.

ურბანიზაციის პროცესს ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. კოლხეთში სანაპირო და შიდა ქალაქები ერთიან ქსელს ქმნიდა, სადაც მდინარე ფაზისი და მის ირგვლივ ჩამოყალიბებული სავაჭრო სივრცე არ წარმოადგენდა მხოლოდ გეოგრაფიულ მოცემულობას, არამედ ფუნქციურ სისტემას [12-14]. სავაჭრო ოპერაციები, რესურსების განაწილება და მრავალეთნიკურ გარემოში ურთიერთქმედება ქმნიდა ე.წ. „სოციალურ შეკვეთას“ ინფორმაციის ზუსტი მართვისთვის.

დაბოლოს, კოლხეთის მეტალურგიული და ფარმაკოლოგიური ცოდნის მაღალი დონე — იქნება ეს ოქროს მოპოვების რთული ტექნოლოგიები თუ სამკურნალო და შხამიან მცენარეთა სისტემური გამოყენება (რაც მედეას მითში სიმბოლურად აისახა) — მიუთითებს ღრმა ტექნოლოგიურ და ინტელექტუალურ ტრადიციებზე [14 – 20]. სპეციფიკური სამეცნიერო თუ სახელოსნო ცოდნის დაგროვება, თაობიდან თაობაზე გადაცემა და სტანდარტიზაცია მხოლოდ ზეპირი ფორმით სერიოზულ შეზღუდვებს აწყდება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ კოლხეთის საზოგადოებებში არსებობდა ან ფორმირდებოდა წერითი ნიშნების გარკვეული სისტემა — იქნება ეს ახლო აღმოსავლური მოდელების ლოკალური ადაპტაცია თუ სრულიად თვითმყოფადი სიმბოლური პრაქტიკა. მსგავსი სისტემები, სავარაუდოდ, გამოიყენებოდა პრაქტიკული ცოდნის სტრუქტურირებისა და გადაცემისათვის, მათ შორის სამკურნალო რეცეპტების (ფარმაკოლოგიური მემკვიდრეობა), რიტუალური წეს-ჩვეულებებისა და სავაჭრო-ადმინისტრაციული საჭიროებების კონტექსტში. ფარმაკოლოგიური, ტექნოლოგიური და რიტუალური ცოდნის ასეთი კონცენტრაცია თავისთავად მოითხოვდა ინფორმაციის ორგანიზებულ ფორმებსა და სიმბოლურ აზროვნებას, რაც ქმნიდა წინაპირობებს წერითი ტიპის სისტემების განვითარებისთვის.

ამრიგად, კოლხეთში არსებული ურბანული და სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურები ქმნიდა იმ აუცილებელ ფონს, რომელშიც პროტო-წერითი პრაქტიკების არსებობა არა სპეკულაციური, არამედ ფუნქციურად დასაბუთებული ჰიპოთეზაა. სწორედ ამ წინაპირობების გათვალისწინებით უნდა გავაანალიზოთ ანტიკური წყაროები, რომლებიც კოლხეთის სივრცეში არსებულ წერით ტრადიციებზე ირიბ, მაგრამ საყურადღებო მინიშნებებს შეიცავს.

1.3 ანტიკური წყაროების მოწმობები: კოლხური დამწერლობის იდუმალი კვალი

კოლხეთის სივრცეში აღმოჩენილი მაღალი ტექნოლოგიური დონე, მედიკო-ფარმაკოლოგიური ტრადიციების მდგრადობა და რიტუალური პრაქტიკების სიმრავლე ქმნიდა იმგვარ კულტურულ ფონს, სადაც სიმბოლური ნიშნების გამოყენება და ინფორმაციის სტრუქტურირებული გადაცემა პრაქტიკულად აუცილებელი იყო. სწორედ ამ კონტექსტში  ჩნდება კითხვა: შეიცავენ თუ არა ანტიკური წყაროები მინიშნებებს კოლხეთში საკუთარი წერითი სისტემის არსებობის ან პროტო-წერითი პრაქტიკების შესახებ, რომელსაც მაღალი ცივილიზაციური და ადმინისტრაციული დონე ლოგიკურად მოითხოვდა?

მიუხედავად იმისა, რომ კოლხური დამწერლობის პირდაპირი არქეოლოგიური მტკიცებულებები ამ ეტაპზე მწირია, ბერძნულ-რომაულ ტექსტებში გვხვდება რიგი საინტერესო ფრაგმენტები. კრიტიკულად გაანალიზების შემთხვევაში, ისინი შესაძლოა წარმოადგენდეს ირიბ ცნობებს ნიშნობრივი სისტემების არსებობაზე.

1.3.1 კონკრეტული ცნობები ანტიკურ ავტორებთან

დიოდორე სიცილიელი (ძვ. წ. I ს.) თავის მასშტაბურ ნაშრომში ისტორიული ბიბლიოთეკა  კოლხებს აღწერს, როგორც მაღალგანვითარებულ ხალხს, თუმცა მისი ცნობები დამწერლობასთან დაკავშირებით ფრაგმენტულია [21].

ხარაქს პერგამონელი (Charax of Pergamum) (ახ. წ. II ს.) თავის თხზულებებში ახსენებს“ქრისოგრაფიას”- ოქროზე შესრულებულ „წერილს“, რომელიც, მისი მტკიცებით, კოლხეთში ოქროს საწმისის შექმნისას გამოიყენებოდა [21; 22]. უცნობია, გულისხმობდა თუ არა ავტორი რეალურ წერით ნიშნებს, თუ მეტაფორულ აღწერას, თუმცა ტერმინი მაინც საინტერესოა ნოტაციური პრაქტიკის თვალსაზრისით.

აპოლონიოს როდოსელი (ძვ. წ. III ს.) არგონავტიკაში ახსენებს კოლხეთში გავრცელებულ “კირბებზე” (κύρβεις) (/kýr.beːs/ → /ˈcyr.βis/ → /ˈcir.vis/)– სპეციალურ დაფებზე ან ჩანაწერებზე, რომლებიც, შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო რუკებთან ან ზღვაოსნობისთვის საჭირო ტოპოგრაფიულ ინფორმაციასთან [23; 24]. ეს შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ კოლხებს არა მხოლოდ ზღვის სავაჭრო გზების ცოდნა, არამედ მათი დოკუმენტირების პრაქტიკაც გააჩნდათ.

აპოლოდორე ათენელის (ძვ. წ. II ს.) თხზულებაში ღმერთების შესახებ” (Περὶ θεῶν)  (XX, 24) აღწერს ქვის სვეტებსა და სტელებს, რომლებზეც ამოკვეთილი იყო კანონები. იგი აღნიშნავს: „…ქვის სვეტები შეიცავდა დაწერილ კანონებს. ამ თავდაყირა მდგომ ქვებს სტელას უწოდებდნენ, სიმაღლისკენ მიმართულს – კვირბს, ხოლო ტიარასავით (Tiara) თავზე დადგმულს – კვირბასიას ” [24გვ.157; 25].  ელინისტური  ხანის კომენტატორებიც (სქოლიასტები) ირიბად მიანიშნებენ, რომ კოლხეთში არსებობდა წერილობითი დოკუმენტები [21; 24გვ.151-168; 26].

1.3.2 „კირბები“ და კორიბანტები — მწიგნობრული ტრადიციის კვალი

ბერძნულ და რომაულ წყაროებში ფიქსირდება ცნობები, რომ „კირბების“ შედგენა უკავშირდებოდა კოლხ ქურუმთა და რიტუალური მსახურების ჯგუფს — კორიბანტებს [21; 24გვ.151-168]. მრავალი ცნობილი ბერძენი მოაზროვნე თეოპომპე ქიოსელი [24გვ.156], თეოფრასტე , კრატინე, არისტოტელე, პლუტარქე, ლისია, პორფირიოს და სხვები), ასევე სვიდას ლექსიკონი, ადასტურებენ, რომ სწორედ კორიბანტებს მიეწერებოდათ კირბების (კვირბები)    შექმნა   [21, 24 გვ87;156; 27].

კლიმენტი ალექსანდრიელი(II ს.) ცნობით კორიბანტებს არამხოლოდ წერით ტრადიცია, არამედ მუსიკალური რიტმის აღმოჩენაც მიეწერებათ : „…კორიბანტები –კარიბები იყვნენ პირველი ბრძენი ქურუმები, რომელთაც აღმოაჩინეს მუსიკის რიტმი და შექმნეს მაგიური ძალის მქონე ეფესური დამწერლობა [ 21; 24გვ.164; 28]. ეს ინფორმაცია შეიძლება ალეგორიულად გვესმოდეს, თუმცა, როგორც მინიმუმ, მიუთითებს იმ კულტურულ ფენაზე, სადაც წერითი და რიტმული ნიშნობრივი სისტემები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.

ანტიკური წყაროების მიხედვით, „კირბები“ მოიცავდა როგორც საკანონმდებლო ტექსტებს, ისე რელიგიურ რიტუალებსა და მითოლოგიურ თხრობას [23; 24გვ.228-229]. მნიშვნელოვანია აღინიშნოს თანამედროვე არტეფაქტიც — გალ რაიონის სოფელ ოტობაიაში აღმოჩენილი ქვის ფილა (სურ. 4), რომელიც მკვლევართა ნაწილის აზრით შესაძლოა „კირბის“ ტიპის გამოსახულებას ასახავდეს.

სურათი 2.  XX საუკუნის 70-იან წლებში გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ნაპოვნი ქვაზე შესრულებული გამოსახულება, რომელიც კირბს უნდა წარმოადგენდეს (დაცულია გალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). წყარო

მიუხედავად მითოლოგიურ-ლიტერატურული შრეების სიუხვისა, ანტიკური წერილობითი წყაროები მაინც გვაძლევს მინიშნებებს იმგვარი ობიექტებისა და პრაქტიკების შესახებ, რომელთაც შეიძლება ჰქონოდათ ნოტაციური, მეხსიერებითი ან პროტო-წერითი მნიშვნელობა. ეს ცნობები ვერ ჩანაცვლებს არქეოლოგიურ მტკიცებულებებს, თუმცა ქმნის ინტელექტუალურ და კულტურულ ფონს, რომელსაც სრულად ვერ უგულებელვყოფთ.

ამრიგად, ანტიკური ტექსტები უნდა დავინახოთ არა როგორც პირდაპირი დადასტურება კოლხური დამწერლობის არსებობისა, არამედ როგორც გარემო მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს — კოლხეთის სივრცეში არსებობდა სიმბოლურად ორგანიზებული ინფორმაციის გადაცემის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.

საბოლოო დასკვნისათვის აუცილებელია ამ ტექსტური მონაცემების შედარება არქეოლოგიურ მასალასთან — რაც განხილულია შემდეგ ქვეთავში (1.4).

1.4 კოლხური დამწერლობის კვლევის სირთულეები, არტეფაქტების სიმწირე და სამომავლო პერსპექტივები

მიუხედავად იმისა, რომ ანტიკური ბერძნულ-რომაული წერილობითი წყაროები გარკვეულწილად მიანიშნებენ კოლხეთში ნიშნობრივი ან წერითი პრაქტიკების არსებობაზე, ქართულ და საერთაშორისო ისტორიოგრაფიაში ეს საკითხი დღემდე არასაკმარისად არის სისტემურად გაანალიზებული. ამასთანავე, კოლხური დამწერლობის არსებობის დამადასტურებელი უშუალო მატერიალური მტკიცებულებები ძალზე მწირია, რაც კვლევის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

ამ დეფიციტის მიზეზები შეიძლება რამდენიმე ფუნდამენტურ ფაქტორს უკავშირდებოდეს.

1.4.1 ტექსტების დასაწერი მყიფე მასალების გამოყენება

დიდი ალბათობით, კოლხეთში, ისევე როგორც მახლობელ სხვა რეგიონებში, წერითი ინფორმაციის მატარებლად ფართოდ გამოიყენებოდა ბიოდეგრადირებადი ორგანული მასალები –  ტყავი, პერგამენტი, ხის ფირფიტები, ცვილის დაფები და სხვ. ამის არაპირდაპირი დადასტურებას ვხდებით ჰეროდოტეს “ისტორიაში“: “…ბერძნები ძველიდანვე წიგნებს ტყავებს უწოდებდნენ, რადგანაც ოდესღაც ჭილის ნაკლებობის გამო ისინი თხის და ცხვრის ტყავებს ხმარობდნენ საწერად. ჯერაც, ჩემს დროს, ბევრი ბარბაროსი ამისთანა ტყავზე წერს[29გვ.333; 30]

აღნიშნული ცნობა ცხადყოფს, რომ ანტიკურ სამყაროში წერილობითი კულტურა არ იყო აუცილებლად დაკავშირებული ქვის, თიხის ან ლითონის მატარებლებთან. შესაბამისად, კოლხეთში ორგანულ მასალებზე შესრულებული შესაძლო ტექსტები ან „კირბების“ ტიპის დოკუმენტები პრაქტიკულად განწირული იყო განადგურებისთვის, განსაკუთრებით რეგიონული ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით.

1.4.2 გეომორფოლოგიური და კლიმატური ფაქტორები

დასავლეთ საქართველოს კლიმატური და გეომორფოლოგიური თავისებურებები, როგორც წესი, არასახარბიელოა ორგანული მასალის ხანგრძლივი კონსერვაციისთვის  [31]. კოლხეთის დაბლობის მაღალი ტენიანობა, ტორფიანი და მჟავიანი ნიადაგები მნიშვნელოვნად აჩქარებს ხისა და ტყავის დაშლის პროცესს, გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, როდესაც არტეფაქტები ღრმა, ანაერობულ  (უჟანგბადო) ტორფიან ფენებში ხვდება, რაც პირიქით, მათ უნიკალურ კონსერვაციას უწყობს ხელს.

მსგავსი სურათი ფიქსირდება სხვა რეგიონებშიც. მაგალითად, სკვითებთან დაკავშირებულ ბერძნულ პოლისებში (ოლბია, პანტიკაპეონი) აღმოჩენილია ბერძნულენოვანი წარწერები, რომლებიც წერილობით კომუნიკაციაზე მიუთითებს, თუმცა უშუალოდ სკვითური დამწერლობის ნიმუშები არ არის შემონახული. ეს პარალელი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ წერითი პრაქტიკის არსებობა ყოველთვის არ იწვევს მის არქეოლოგიურ ფიქსაციას [29გვ.250-310; 32]

1.4.3 კულტურულ-ისტორიული ტრანსფორმაციები

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ შესაძლებელია, რომ წინარექრისტიანული ეპოქის ტექსტები და რიტუალური დოკუმენტები მიზანმიმართულად განადგურებულიყო. მსგავსი პროცესები კარგად არის დადასტურებული როგორც რომაულ, ისე ბიზანტიურ სამყაროში, სადაც წარმართული კულტურის მატარებელი არტეფაქტები ხშირად განიხილებოდა რელიგიური რეფორმების კონტექსტში.

1.4.4 ურბანული ცენტრების ლოკალიზაციისა და კვლევის სირთულეები

კოლხეთის სამეფოს უმნიშვნელოვანესი ცენტრების — ფაზისის (თანამედროვე ფოთი) და დიოსკურიის (თანამედროვე სოხუმი) — ზუსტი ლოკალიზაცია და სრულმასშტაბიანი არქეოლოგიური კვლევა დღემდე სირთულეს წარმოადგენს. ამგვარი კვლევითი დეფიციტი მნიშვნელოვნად ზღუდავს წერითი კულტურის მატერიალური კვალის გამოვლენის შესაძლებლობას.

 განსაკუთრებით პერსპექტიულად მიიჩნევა:

ამრიგად, კოლხური დამწერლობის შესაძლო ნიმუშების აღმოჩენის ყველაზე რეალისტური შანსი უკავშირდება ბუნებრივად დაცულ არქეოლოგიურ ლოკაციებს — ჭაობიან, ტორფიან და დაბალჟანგბადოვან გარემოებს, სადაც ორგანული მასალების კონსერვაცია უკეთ მიმდინარეობს. მსგავს პირობებში ტექსტური არტეფაქტების აღმოჩენა დადასტურებულია ევროპის სხვა რეგიონებში, მათ შორის ალპების მიმდებარე ტბების ნამოსახლარებში (მოუნზეს ტიპის ობიექტები), სადაც ტორფიანმა გარემომ ხის კონსტრუქციები და ხაზობრივი ნიშნებიც კი შეინარჩუნა [36; 37] . ანალოგიური შემთხვევები ცნობილია მონასტრული არქივებისა და ტბისპირა ნამოსახლარების კვლევებიდან პოლონეთსა და შვეიცარიაში .

1.5 ქართული დამწერლობის გენეზისი: ისტორიული კონტექსტი და არქეოლოგიური აღმოჩენები ტრადიციული დათარიღების პრობლემატიკა

ისტორიულ მეცნიერებაში ქართული ანბანის შექმნის თარიღად ტრადიციულად ახ. წ. IV-V საუკუნეებია მიჩნეული. აღნიშნული მოსაზრება ძირითადად ეყრდნობა ბოლნისის სიონის [38გვ.7-15]  და დავათის სტელის ასომთავრულ წარწერებს, რომლებიც ყველაზე ადრეულ დათარიღებულ ძეგლებს წარმოადგენენ. თუმცა, აკადემიურ წრეებში დიდი ხანია არსებობს ფუნდამენტური ეჭვი, რომ ქართული დამწერლობის ფესვები გაცილებით ღრმაა.

ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილი, თავის ფუნდამენტურ ნაშრომში ქართული პალეოგრაფია“, აღნიშნავდა:

ქართული ანბანის დასაწყისი ხანა სულ ცოტა 7-8 საუკუნით უწინარეს არის საგულისხმებელი“ [39გვ.235].

ამავე დროს, მეცნიერი ხაზს უსვამს, რომ ეს მოსაზრება, სანამ შესაბამისი ნიმუშები არ აღმოჩნდება, რჩება ჰიპოთეზად:

“…ამიტომ მაინც მეცნიერული სიფრთხილე სჯობია და სანამ ქართული დამწერლობის VI ს-ზე უწინარესი ძეგლები აღმოჩნდება, ჩემი ნათქვამი ქართული ანბანის წარმოშობის დროის შესახებ ჯერ-ჯერობით ჰიპოთეზად მიმაჩნია, რომლის სიმართლეს მომავალი გამოარკვევს” [39გვ.235].

თუმცა ასევე დაბეჯითებით აცხადებდა, რომ “ეხლა მაინც სამუდამოდ უკუგდებულ უნდა იყოს აზრი ქართული ანბანის V საუკუნეში გამოგონების შესახებ და უნდა განმტკიცდეს აზრი, რომ ქართული დამწერლობა გაცილებით უფრო ძველია და მისი დასაწყისი შორეულ წარსულში და მცირე აზიაში და არა საბერძნეთში უნდა ვეძიოთ“ [38გვ.196].

ანალოგიურ პოზიციას იზიარებდა პავლე ინგოროყვა რომელიც ვარაუდობდა, რომ ქართული ანბანი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში, კოლხურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირში უნდა შექმნილიყო. ქართული დამწერლობის წინარექრისტიანულ პერიოდში შექნას იზიარებდა რამაზ პატარიძედა მ.ჯანაშვილი [38გვ.196]. სწორედ ამ ვაკუუმის შესავსებად, კვლევამ ყურადღება გაამახვილა იმ მატერიალურ ნიმუშებზე, რომლებიც კოლხეთში ნიშნობრივი სისტემის არსებობაზე მიანიშნებს.

ქვემოთ წარმოდგენილი ქვეთავი წარმოადგენს არქეოლოგიური მასალის კრიტიკულად გადამუშავებულ სინთეზს, რომლის მიზანია არა კოლხეთში დასრულებული ანბანური დამწერლობის არსებობის მტკიცება, არამედ იმ კულტურული და სემიოტიკური გარემოს გამოვლენა, რომელიც წერითი სისტემების ჩამოყალიბების წინარე ეტაპს ასახავს. წარმოდგენილი არტეფაქტები და ვიზუალური მასალა განიხილება ერთიან კონტექსტში — როგორც განმეორებადი, სტრუქტურირებული და ფუნქციურად დატვირთული ნიშნობრივი პრაქტიკის გამოვლინებები.

1.5.1 არქეოლოგიური აღმოჩენები: პროტოქართული კვალი

ბოლო ათწლეულებში საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა (განსაკუთრებით 1990-2003 წლებში) დღის წესრიგში დააყენა დამწერლობის წინარექრისტიანული ნიმუშების არსებობის საკითხი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია:

  • არქეოლოგიური მასალა დასავლეთ საქართველოდან: დაფნარშინოქალაქევსა და ვანში  აღმოჩენილ კერამიკაზე, ქვასა და ლითონზე დატანილია ნიშნები, რომლებიც შესაძლოა პროტოქართულ დამწერლობით სისტემას წარმოადგენდეს [41; 25].
  • გლიპტიკიკური ძეგლები: განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ძვ. წ. IX-VIII საუკუნეებით დათარიღებული ხოვლეგორას ბეჭედი და ცხინვალის რეგიონში აღმოჩენილი დალუქვის ფირფიტები (საბეჭდავები) [42; 43; 31]. ცხინვალის საბეჭდი ფირფიტა შემთხვევითი მონაპოვარია, რის გამოც არქეოლოგიური კონტექსტის არარსებობა მნიშვნელოვნად ართულებს მის ზუსტ დათარიღებას. მიუხედავად ამისა, მასზე გამოსახული ნიშნები სისტემურობით ხასიათდება და, სხვა მსგავსი ტიპის საბეჭდავებისგან განსხვავებით, უფრო მეტად ავლენს დამწერლობის სისტემისთვის დამახასიათებელ ნიშნებს [31].

ურათი 3 . ა) ცხინვალის ფირფიტა ძვ.წ. IX-VIII ს.; ბ) ხოვლეს ფირფიტა ძვ.წ. XIV ს.

  • დიდნაურის ბეჭდები (ძვ. წ. XII-XIII სს.): ძვ. წ. XII-XIII საუკუნეების სამარხში აღმოჩენილ ამ ბეჭდებზე დატანილია ნიშნები, რომლებიც პარალელებს ავლენს ეგეოსური სამყაროს Linear A და B დამწერლობებთან (სურათი 4). განსაკუთრებით საინტერესოა ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც ამ სისტემებში „ღვინის“ აღმნიშვნელ იდეოგრამას ემთხვევა მკვლევართა აზრით, ეს, ისევე როგორც იქვე ნაპოვნი სხვა მცირე ზომის ძვლის ბეჭდები მოსავლისა და რაოდენობის აღმნიშვნელი სიმბოლოებით, შესაძლოა მიუთითებდეს რთულ ადმინისტრაციულ სისტემაზე და ეკუთვნოდეს გადასახადების ამკრეფს [26].
სურათი 4. დიდნაურის (შირაქი) საბეჭდავები (ძვ.წ. XII-XI) [31].
  • ეპიგრაფიკული ნიმუშები: ყურადღებას იქცევს სოფელ დაბლაგომში (ძვ. წ. IV-III სს.); აღმოჩენილი დოქი ოთხი უცნობი ნიშნით და სოფელ ჯუმითში (ჩხოროწყუ) ნაპოვნი ქვა გაუშიფრავი ხაზოვანი წარწერით. მეცნიერ გ. კვაშილავას მოსაზრებით, დაბლაგომის წარწერა შესაძლოა იკითხებოდეს, რაც კვლევის ახალ პერსპექტივებს სახავს (25; 41).
სურათი 5. დაბლაგომის დოქის ხაზოვანი წარწერა: გრაფიკული გამოსახულება, გ. კვაშილავას მიერ შემოთავაზებული ამოკითხვის ვერსია (te-ku-si-ke/a) და ნიშნების შესაძლო პარალელები A ხაზოვან დამწერლობაში [25; 44].
  • ჯუმითის ქვის ხაზოვანი წარწერა: 1986 წელს სოფელ ჯუმითში (ჩხოროწყუს რაიონი, ლეჟას უბანი) აღმოჩენილ იქნა ქვა, რომელზეც ამოკვეთილია გაუშიფრავი ხაზოვანი წარწერა (სურათი 6). არტეფაქტი წარმოადგენს მაღალი სიმტკიცის, დაბალი ფორიანობის კლდოვან ქანს (სიგრძე – 40 სმ, სიმაღლე – 10-15 სმ).
სურათი 6. ჯუმითის ქვის ხაზოვანი წარწერა (№4391), ინახება ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში [44].

1.5.2 კოლხური ამფორები და ნიშანთა სისტემა

ანტიკურ წყაროებზე დაფუძნებული არგუმენტაციის გარდა, კოლხეთის სივრცეში ნიშნობრივი სისტემების არსებობის კიდევ ერთ მყარ მატერიალურ ინდიკატორად შეიძლება მივიჩნიოთ დამღიანი კერამიკის  (ყავისფერთიხიანი ჭურჭელი) ფართო გავრცელელება, რომელთა წარმოება ძვ. წ. IV საუკუნიდან იწყება [14]. არქეოლოგიურ გათხრებში, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ, აღმოჩენილია მრავალი კოლხური ამფორისა და ქვევრის ფრაგმენტი, რომლებზეც ჯვრიანი დამღებია ამოკვეთილი.

ქართველი არქეოლოგების გელა გამყრელიძისა და ვახტანგ ლიჩელის კვლევები ადასტურებენ, რომ ეს არტეფაქტები არ იყო მხოლოდ საყოფაცხოვრებო საგნები, არამედ განვითარებული სავაჭრო-ეკონომიკური სისტემის ნაწილს წარმოადგენდა. აღნიშნული ნიშნები კოლხურ პითოებზე შესრულებულ ნიშნებს წააგავს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ადგილობრივ წარმომავლობაზე (14) .

არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, კოლხური ამფორების წარმოება სხვადასხვა კერამიკული ცენტრებში მიმდინარეობდა. მაგალითად, სოხუმთან, “წითელი შუქურას” ნამოსახლარზე, გულრიფშსა და სხვა ადგილებში აღმოჩენილია კერამიკის გამოსაწვავი ქურები, სადაც ამფორების ფრაგმენტებიც დადასტურდა. აღმოჩენილი ნიმუშების სტილისტიკური და ტექნოლოგიური ანალიზი ადასტურებს, რომ კოლხეთში ამფორების წარმოება ელინისტურ ხანაშიც აქტიურად გრძელდებოდა [14].

1.5.2.1 ჯვრიანი დამღების მნიშვნელობა და დამწერლობითი კონტექსტი

ძვ. წ. III-II საუკუნეების კოლხურ ამფორებზე ხშირად გვხვდება სპეციალური ნიშნები და დამღები, რომლებიც სავარაუდოდ, წარმოების რეგულაციას, სავაჭრო ხარისხის კონტროლსა და ადმინისტრაციულ აღრიცხვას ემსახურებოდა.

ამფორებზე დატანილი ჯვრიანი დამღები და სხვა გეომეტრიული ნიშნები (რომლებიც ხშირად წვის პროცესამდე კეთდებოდა), სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ ან საკულტო დატვირთვას ატარებდა. ვ. ლიჩელისა და გ. გამყრელიძის დაკვირვებით, აღმოჩენილია 20-ზე მეტი სხვადასხვა ასონიშანი, რომელთა ქრონოლოგია ძვ. წ. IV-II საუკუნეებს მოიცავს. მათი განაწილება და სტრუქტურული კანონზომიერება გამორიცხავს შემთხვევითობას. ზოგიერთი მათგანი სტრუქტურულად წააგავს A-ხაზოვან დამწერლობას, რაც კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ კოლხეთში შესაძლოა არსებობდა ადგილობრივი წერითი სისტემა. ამასთანავე, ზოგიერთ ამფორაზე იდენტიფიცირებულია ასომთავრული დამწერლობის ელემენტები – ნიშნები „ჯან“ და „ქან“, რაც აძლიერებს ადგილობრივი, ავთენტური წერილობითი სისტემის არსებობის ალბათობას [14; 25].

შედარებითი ანალიზი

ქართველი მეცნიერები (მაგ. გ. კვაშილავა) საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნიშნებს (ე.წ. კოლხურ ხაზოვან ნიშნებს) ხმელთაშუა ზღვის აუზის უძველეს დამწერლობებს – ხაზოვან A-ს, ხაზოვან B-ს და კვიპროსულ-მინოსურ სილაბურ სისტემებს ადარებენ.  გრაფიკული მსგავსება და სავარაუდო ფონეტიკური თანხვედრები მიანიშნებს, რომ ძველი კოლხეთი არ იყო იზოლირებული და ჩართული იყო იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს კულტურულ მიმოქცევაში.

ცხრილი 1. გ. კვაშილავას შედარებითი ცხრილი: კოლხური ნიშნებისა და ეგეოსის ადრეული დამწერლობების (ხაზოვანი A, B, კვიპროსული სილაბური) სილაბოგრამების გრაფიკული შესატყვისობები

წარმოდგენილი არქეოლოგიური და ვიზუალური მასალის ერთობლივი ანალიზი არ იძლევა ცალსახა საფუძველს ვისაუბროთ კოლხეთში დასრულებული ანბანური დამწერლობის არსებობაზე. თუმცა იგი მკაფიოდ აჩვენებს იმგვარი კულტურული გარემოს არსებობას, სადაც სიმბოლური ნიშნები გამოიყენებოდა ინფორმაციის ფიქსაციისა და გადაცემისათვის.

ამ ნიშნების სტაბილურობა, განმეორებადობა და ფუნქციური კონტექსტი საშუალებას იძლევა ისინი განვიხილოთ როგორც პროტო-დამწერლობის ან წერითი კულტურის წინარე ეტაპის გამოვლინება (სულ მცირე ძვ. წ. II ათასწლეულიდან).

1.6  გრაკლიანის გორის ფენომენი: ახალი ფურცელი დამწერლობის ისტორიაში

1.6.1 ისტორიული კონტექსტი და მნიშვნელობა

გრაკლიანის გორის არქეოლოგიური ძეგლი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ აღმოჩენას, რომელიც ადრეული ანტიკური ხანის კულტურული, რელიგიური და სოციალური პროცესების გაგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს [45].  ამ კონტექსტში, გრაკლიანის გორის წარწერა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან იგი არა მხოლოდ უძველეს ქართულ ანბანურ სისტემას უკავშირდება, არამედ ამ რეგიონში დამწერლობის გავრცელების დროის განსაზღვრაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

გრაკლიანის წარწერის განხილვა მოცემულ ქვეთავში არ ისახავს მიზნად მისი რომელიმე ცნობილ ენობრივ ან ანბანურ სისტემასთან იდენტიფიკაციას; ჩვენი ამოცანაა წარწერის სტრუქტურული, სივრცითი და სემიოტიკური თავისებურებების მიმოხილვა იმ კულტურულ კონტექსტში, რომელშიც იგი ჩამოყალიბდა.

1.6.2 ტოპოგრაფია და არქეოლოგიური კონტექსტი

გრაკლიანის გორის არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფლების – სამთავისისა და იგოეთი სიახლოვეს, მდინარე ლეხურასადა თორთლას შესართავთან (ლეხურას მარჯვენა ნაპირზე). ძეგლი ზღვის დონიდან 680-723 მეტრ სიმაღლეზეა განფენილი (46; 47).

2007 წლიდან მიმდინარე გათხრებმა (ხელმძღვანელი პროფ. ვახტანგ ლიჩელი) ცხადყო, რომ გრაკლიანზე ადამიანის ცხოვრების კვალი უწყვეტად ფიქსირდება პალეოლითიდან გვიანბრინჯაოს ხანამდე [46; 48].   გამოვლენილია 11 სხვადასხვა ქრონოლოგიური ფენა, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ძვ. წ. VIII-VI საუკუნეების და უფრო ადრეული, გვიანი ბრინჯაო-ადრერკინის ხანის ფენები.

სურათი 8. ა) გრაკლიანის გორაკის არქეოლოგიური ადგილი. მე-3 და მე-4 ტერასები. (ხედი სამხრეთიდან) [49], ) გრაკლიანის გორა დრონით გადაღებული ზედხედი [46]; გ) გრაკლიანის გორაკის ტაძრები, მე-2 და მე-3 ტერასები (გეგმიური ნახაზი) (49).

1.6.3 საკულტო ნაგებობები და მათი როლი

გრაკლიანის არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს საკულტო ნაგებობათა სისტემას, რომელიც მიუთითებს მის რელიგიურ და ცერემონიალურ მნიშვნელობაზე. სხვადასხვა ფენებში აღმოჩენილი კერამიკული მასალა, საკულტო დანიშნულების არტეფაქტები და არქიტექტურული სტრუქტურები მიუთითებს, რომ გრაკლიანის გორი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-რელიგიური და სავაჭრო ცენტრი უნდა ყოფილიყო [46; 50; 51].

1.6.4 სავაჭრო და ადმინისტრაციული ფუნქციები

აღმოჩენილი არტეფაქტების მრავალფეროვნება მიუთითებს, რომ ეს ადგილი რეგიონის უმნიშვნელოვანეს კულტურულ, რელიგიურ და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა (52; 45). აღმოჩენილია როგორც იმპორტული, ასევე ადგილობრივი წარმოების უნიკალური არტეფაქტები, მათ შორის:

  • ოქროს დისკო (ძვ. წ. IV ათასწლეული), რომლის ანალოგი მხოლოდ სამხრეთ მესოპოტამიაში, ქალაქ ურუქში გვხვდება [52].
  • პურის საცხობი ღუმელი, რომელიც შემკულია დეკორატიული ელემენტებით და ზომებს იცვლის შენობის გაბარიტების შესაბამისად;
  • მრავალრიცხოვანი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, ტაძრები და 300-ზე მეტი სამარხი.
სურათი 9. გრაკლიანის გორის მრავალფეროვანი არტეფაქტები: დეკორატიული ღუმელი, მესოპოტამიური პარალელების მქონე ოქროს დისკო (ძვ. წ. IV ათასწ.), საყოფაცხოვრებო კერამიკა და სარიტუალო ნივთები. წყარო 1; 2.

1.6.5 სოციო-ეკონომიკური განვითარება: სავაჭრო და ადმინისტრაციული სისტემა

გრაკლიანის გორა არ იყო მხოლოდ საკულტო ცენტი; გათხრების შედეგები ცხადყოფს, რომ აქ ფუნქციონირებდა მძლავრი ადმინისტრაციული და სავაჭრო სისტემა. გრაკლიანის გორზე აღმოჩენილი საბეჭდავები მნიშვნელოვან კავშირს ავლენენ შუამდინარეთისა და მცირე აზიის კულტურებთან (52).

 ამას ადასტურებს:

  • საბეჭდავები (სეალები): აღმოჩენილია ცილინდრული, კონუსური და პრიზმული ფორმის საბეჭდავები. მათი ნაწილი იმპორტულია (სამხრეთ მესოპოტამიური და მცირე აზიური/აქემენიდური გავლენით), ხოლო ნაწილი — ადგილობრივი წარმოების. საბეჭდავებზე გამოსახულია ასტრალური ნიშნები და რელიგიური სიუჟეტები. ადგილობრივი საბეჭდავების არსებობა პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ რეგიონს გააჩნდა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული აპარატი (52).

წონის ერთიანი სისტემა: აღმოჩენილია ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულის საწონები, რაც მიუთითებს დამკვიდრებულ სავაჭრო სტანდარტზე (366 გრამი). ეს ადასტურებს ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს როგორც შიდა, ისე გარე ბაზრებთან (46).

სურათი 10. გრაკლიანის გორის საბეჭდავები [52]

1.6.6 საკულტო კომპლექსი და წარწერების აღმოჩენა

2015 წელს, გრაკლიანის გორის მესამე ტერასაზე, არქეოლოგებმა მიაკვლიეს საკულტო დანიშნულების ნაგებობას (ტაძარს), რომლის სიგანე 25 მეტრია, ხოლო სიგრძე — 6 მეტრი.  სწორედ ამ ტაძრის ინტერიერში, ორ სხვადასხვა საკურთხეველზე, აღმოჩენილ იქნა უნიკალური ერთსტრიქონიანი წარწერები, რომლებიც პირობითად „A“ და „B“ ინდექსებით აღინიშნება (53; 46; 49)

1.6.7 გრაკლიანი გორის „A“ წარწერა (დასავლეთის საკურთხეველი)

ტაძრის დასავლეთ კედელთან არსებულ საკურთხეველზე შესრულებულია რელიეფური წარწერა, რომელიც სამი გრაფემისგან შედგება. გრაფიკული ანალიზი აჩვენებს მის მსგავსებას ჩრდილო-სემიტურ (ძვ. წ. XI ს.) დამწერლობებთან (53). აღსანიშნავია კონტექსტი: წარწერის საკურთხეველზე ნაპოვნია თიხის კერპი, რომელსაც გააჩნია ქალის მკერდისა და ღია მუცლის იმიტაცია. სავარაუდოდ, აქ ხდებოდა შესაწირი ნივთების რიტუალური განთავსება, რაც წარწერას საკრალურ დატვირთვას ანიჭებს.

1.6.8 გრაკლიანის გორის „B“ წარწერა (ცენტრალური საკურთხეველი)

ტაძრის ცენტრალური საკურთხევლის პოსტამენტზე, რომელიც სამხრეთისკენაა ორიენტირებული, განთავსებულია მეორე, უფრო ვრცელი წარწერა.

  • ტექნიკური მახასიათებლები: პოსტამენტის სიგრძე 0.8 მეტრია. წარწერა მოიცავს 10 გრაფემას. ტრასოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა საინტერესო ტექნოლოგიური დეტალი: თიხის ბლოკი, რომელზეც ტექსტია ამოკვეთილი, დამზადდა და გამოიწვა ცალკე, ხოლო შემდგომ მიეძერწა პოსტამენტს. ეს გამორიცხავს მის დეკორატიულ ხასიათს და ადასტურებს, რომ ეს არის მიზანმიმართულად შექმნილი საინფორმაციო ან საკულტო ტექსტი. (53).  

სურათი 12. გრაკლიანის გორის „B“ წარწერა და მისი სარიტუალო კონტექსტი. ა) ნაყოფიერების ქალღმერთის საკურთხევლის ზოგადი ხედი აღმოჩენილ კერამიკასთან ერთად [50]; ბ) და გ) საკურთხევლის კვარცხლბეკზე ამოკვეთილი „B“ წარწერის დეტალური ხედები სხვადასხვა რაკურსით [50; 51].

გრაფიკული ანალიზი: წარწერა მონუმენტურია, გრაფემები თანაბარი სიმაღლისაა. 10 ნიშნიდან ერთი ძლიერ დაზიანებულია, ხუთი — ნაწილობრივ. გრაფემები ერთმანეთისგან განსხვავდება. მკვლევართა დაკვირვებით, 10 ნიშნიდან 6 არამეულ დამწერლობასთან პოულობს პარალელს, თუმცა ერთი ნიშანი სრულიად უნიკალურია და არცერთ ცნობილ სისტემას არ ემთხვევა. ეს ფაქტი მიანიშნებს ადგილობრივი, ლოკალური დამწერლობის ვარიანტის არსებობაზე (53).  

ცხრილი 2. გრაკლიანის „B“ წარწერის გრაფემების ტიპოლოგიური შედარება ძველ სემიტურ (ფინიკიური, არამეული) და ანატოლიურ (ლიდიური) დამწერლობებთან [53].

1.6.9 გრაკლიანის გავლენა მსოფლიო დამწერლობის ქრონოლოგიაზე

გრაკლიანის გორის წარწერის დათარიღებამ ფუნდამენტური გავლენა მოახდინა დამწერლობის ისტორიის გლობალურ პარადიგმაზე. მაიამის (აშშ) „Beta Analytic“, ასევე გრონინგენისა და ციურიხის ლაბორატორიებში ჩატარებულმა რადიოკარბონულმა (14C ) ანალიზმა დაადასტურა, რომ წარწერა ძვ. წ. XI საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება (ძვ. წ. 1005–950 წწ.) [46].

ეს თარიღი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ის დამწერლობის ისტორიის დამკვიდრებულ ქრონოლოგიას ეჭვქვეშ აყენებს:

  • გრაკლიანის წარწერა მინიმუმ ორი საუკუნით ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული კლასიკური არამეული ანბანის ნიმუშები.
  • იგი მსოფლიოში უძველესი ანბანური დამწერლობის, ფინიკიურის (ძვ. წ. ~1050 წ.), თანადროულია ან შესაძლოა, წინაც უსწრებდეს მას. შესაბამისად, ის წინ უსწრებს ფინიკიურიდან მომდინარე სხვა ანბანებსაც: ებრაულს (ძვ. წ. X ს.), ბერძნულს (ძვ. წ. IX ს.) და ლათინურს (ძვ. წ. VII ს.). ეს ადასტურებს, რომ კავკასიის სივრცეში ანბანური სისტემა ფინიკიელების პარალელურად, ან მათთან ძალიან ახლო პერიოდში განვითარდა.
  • ის საბოლოოდ ამსხვრევს სტერეოტიპს, თითქოს საქართველოში დამწერლობა მხოლოდ გვიან, ელინისტურ ან ქრისტიანულ ეპოქაში გავრცელდა გარე გავლენით.

1.6.10 „საინფორმაციო სტელა“ და რიტუალური გარემო

„B“ წარწერიანი საკურთხევლის პოსტამენტის სამხრეთით გამოვლენილია იატაკი და — ე.წ. „საინფორმაციო სტელა“  ვერძის თავის სკულპტურული გამოსახულებით, რაც, „B“ წარწერასთან ერთად, ერთიან რელიგიურ-სიმბოლურ კომპოზიციას ქმნის.  პედესტალის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ნაპოვნია 12 სმ დიამეტრის დამწვარი მორი [46]. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ თვით საინფორმაციო სტელა სტატიკურად არ იყო დამაგრებული. არქეოლოგიური კონტექსტით ივარაუდება, რომ ეს იყო მოძრავი სტელა, რომელიც გარკვეული რიტუალების დროს იცვლებოდა ან გადაადგილდებოდა, რაც მიუთითებს დინამიურ ლიტურგიკულ პროცესზე .  საინფორმაციო სტელის საყრდენი სვეტიდან აღებულმა სინჯმა მაიამის ლაბორატორიაში ძვ. წ. XI–X საუკუნეებით დათარიღება აჩვენა [46]. რაც შეეხება თავად სვეტის წარწერას მისი გაშიფრვა ამ დრომდე ვერ ხერხდება, ისიც შესრულებულია „B” წარწერის მსგავსი ტექნოლოგიით და ეფუძნება იმ ნიშანთა რეპერტუარს, რომელიც ძვ. წ. XI–IX საუკუნეებში იყო გავრცელებული. მკვლევართა შეფასებით, საინფორმაციო სტელის წარწერის ნიშნები ვერ აიხსნება როგორც კასიტური ქუდურუების ან კოლხური კვირბების პირდაპირი ანალოგიები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის უნიკალურ და ლოკალურ ხასიათს [46; 54გვ.89-93].

სურათი 13. სტელა ვერძის თავის სკლულპტურით , ძვ.წ  XI – X საუკუნე  (თარიღი დადგენილია მაიამის ლაბორატორიაში გაგზავნილი სინჯის მიხედვით) [46].

გრაკლიანის გორის აღმოჩენები — განსაკუთრებით ძვ. წ. XI-X საუკუნეების წარწერები — ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა მაღალგანვითარებული საზოგადოება, რომელიც ფლობდა ინტელექტუალურ ინოვაციას: დამწერლობას. ეს იყო არა მექანიკურად გადმოღებული ან დეკორატიულ ნიშნობრივი პრაქტიკა, არამედ ადგილობრივად ადაპტირებული სისტემა, რომელიც გამოიყენებოდა როგორც საკულტო, ისე ადმინისტრაციული მიზნებისთვის. როგორც პროფესორი ვახტანგ ლიჩელი აღნიშნავს, ეს აღმოჩენა ცვლის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიის მნიშვნელოვან მონაკვეთს.

გრაკლიანის წარწერა ამგვარად შეიძლება განიხილებოდეს როგორც კავკასიის სივრცეში წერითი კულტურის ფორმირების მრავალცენტრული პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება, რომლის სრულფასოვანი გააზრება მომავალში საჭიროებს ინტერდისციპლინურ კვლევებს — არქეოლოგიის, სემიოტიკის, პალეოგრაფიისა და კულტურული ანთროპოლოგიის ჩართულობით.

ამ მონაცემების ერთობლიობა გრაკლიანის წარწერას წარმოგვიდგენს არა როგორც შემთხვევით ან დეკორატიულ ნიშნობრივ პრაქტიკას, არამედ როგორც რიტუალურ სივრცეში ფუნქციონირებად, გააზრებულ საინფორმაციო სისტემას, რომლის სრული შინაარსობრივი გაშიფვრა ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა მისი სტრუქტურული ბუნება ეჭვს არ იწვევს.

1.7 ბაშფლემის (მთისძირის) ტბის ფირფიტა: ახალი არტეფაქტი კავკასიის ეპიგრაფიკულ რუკაზე

აღმოჩენის კონტექსტი და ლოკალიზაცია

2021 წლის გვიან შემოდგომაზე, დმანისის მუნიციპალიტეტში, კერძოდ მთისძირის წყალსაცავის (ცნობილი, როგორც ბაშფლემის ტბა) ტერიტორიაზე, უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა. წყლის დონის მკვეთრი კლების შედეგად, ტბის შლამიან ფსკერზე ადგილობრივებმა მიაკვლიეს ბაზალტის ქვის ფირფიტას, რომელიც დაფარულია უცნობი დამწერლობის ნიშნებით (31; 55). (56; 57).

აღმოჩენის ადგილი ისტორიულად და არქეოლოგიურად უაღრესად მნიშვნელოვანი ზონაა. დმანისის ვულკანური პლატო, მდ. მაშავერას აუზი ცნობილია 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომინიდების (Homo georgicus) ნაშთებით. თუმცა, ბაშფლემის ფირფიტა, წყალსაცავის მიმდებარედ ნაპოვნი კერამიკული ფრაგმენტებისა და ობსიდიანი ნაჭრების მსგავსად, რეგიონში გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრეული ანტიკური ხანის ინტენსიურ კულტურულ აქტივობაზე მიუთითებს (31).

სურათი 14. ბაშფლემის ტბის სანაპიროს აეროფოტო [31]

1.7.1 ბაშფლემის ტბის არტეფაქტის მორფოლოგია და ტექნოლოგიური ანალიზი

აღმოჩენილი არტეფაქტი წარმოადგენს „წიგნის ზომის“ ფირფიტას (სურათი ), რომლის ფიზიკური მახასიათებლები შემდეგია:

  • ზომები: 24.1 სმ x 20.1 სმ ; სისქე მერყეობს 0.8-დან 1.8 სმ-მდე.
  • მასალა: ვეზიკულური (ფორებიანი) ბაზალტი. მასალის გეოლოგიური ანალიზი ადასტურებს, რომ ქვა ადგილობრივი ვულკანური წარმოშობისაა, რაც არტეფაქტის ადგილზე დამზადების უტყუარი ნიშანია.
  • დამუშავების ტექნიკა: სიმბოლოები შესრულებულია მაღალი ოსტატობით. გამოყენებულია მოწინავე ტექნოლოგია, სავარაუდოდ, კონუსური ბურღი და სპეციალური საჭრელი ხელსაწყოები, რაც კვეთის სიზუსტესა და დეტალიზაციაში ვლინდება.

1.7.2 ეპიგრაფიკული მახასიათებლები და ანალოგები

ფირფიტაზე დატანილია 60 სიმბოლო, რომლებიც განლაგებულია შვიდ ჰორიზონტალურ რეგისტრში. გრაფიკული ანალიზით დგინდება, რომ 60 ნიშნიდან 39 უნიკალურია (სურათი 15).

ნიშნები ორგანიზებულია რეგისტრებად და გარკვეულ შემთხვევებში ავლენს განმეორებადობასა და ჯგუფურ სტრუქტურას. აღნიშნული მახასიათებლები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სცდება ორნამენტულ ან დეკორატიულ ჩარჩოს და მიანიშნებს ინფორმაციის სტრუქტურირებული ფიქსაციის მცდელობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ დამწერლობა ჯერჯერობით გაუშიფრავია, მკვლევართა ჯგუფი (რ. შენგელია და სხვ.) (31), ყურადღებას ამახვილებს ვიზუალურ პარალელებზე სხვადასხვა ეპიგრაფიკულ სისტემასთან:

  1. ადგილობრივი პარალელები: ნიშნები ამჟღავნებს მსგავსებას გრაკლიანის გორის წარწერებთან, ე.წ. „კოლხურ რუნებთან“ და პროტოქართული ასონიშნების (განსაკუთრებით მრგვლოვანისა და ნუსხა-ხუცურის) გრაფიკულ ელემენტებთან.
  2. საერთაშორისო პარალელები: ნიშნების მორფოლოგიური ანალიზისას მეცნიერები მიუთითებენ ვიზუალურ ანალოგიებს სხვადასხვა დამწერლობით ტრადიციებთან, მათ შორის ალბანურ, ბრაჰმის, ძველ ფინიკიურ და ზოგიერთ სემიტურ სისტემასთან. ამასთან, აღნიშნული პარალელები უნდა იქნას გაგებული მხოლოდ როგორც გრაფიკული ფორმების ზოგადი მსგავსებები და არა როგორც გენეტიკური, ისტორიული ან ენობრივი კავშირების დადასტურება.

ზოგიერთი ნიშანი შესაძლოა ასრულებდეს რიცხვითი მნიშვნელობის ან პუნქტუაციის ფუნქციას. ჰიპოთეზის დონეზე განიხილება ფირფიტის გამოყენება რელიგიური შესაწირავების აღრიცხვის, სამშენებლო სამუშაოების ორგანიზების ან სამხედრო-ადმინისტრაციული მიზნებისთვის (31).

ამგვარად, ბაშფლემის ტბის ფირფიტა ვერ განიხილება როგორც დასრულებული ანბანური დამწერლობის მაგალითი, თუმცა იგი მკაფიოდ წარმოაჩენს გააზრებულ, სტრუქტურირებულ და განმეორებად ნიშნობრივ პრაქტიკას. მისი მნიშვნელობა მდგომარეობს არა კონკრეტული ენის იდენტიფიკაციაში, არამედ იმ კულტურული და ინტელექტუალური გარემოს გამოვლენაში, რომელიც წერითი სისტემების ჩამოყალიბების წინარე ეტაპს ასახავს.

შემაჯამებელი დასკვნა: ახალი პარადიგმა კავკასიის ისტორიაში

მესამე ნაწილში განხილული არქეოლოგიური მასალა — კოლხური გლიპტიკა, ადმინისტრაციული ნიშნები ამფორებზე, გრაკლიანის წარწერა და ბაშფლემის ტბის ფირფიტა — ერთიანობაში ქმნის თანმიმდევრულ სურათს კავკასიის სივრცეში ადრეული სიმბოლური და პროტო-წერითი პრაქტიკების არსებობის შესახებ. მიუხედავად მათი განსხვავებული ქრონოლოგიური და გეოგრაფიული კონტექსტებისა, აღნიშნული ძეგლები ავლენენ საერთო მახასიათებლებს: ნიშნების სტაბილურობას, განმეორებადობას, სივრცით ორგანიზებასა და ფუნქციურ დატვირთვას.

გრაკლიანის წარწერა, თავისი მკაფიო არქეოლოგიური კონტექსტითა და ხაზოვანი სტრუქტურით, წარმოადგენს ნიშნობრივი სისტემის ერთ-ერთ ყველაზე დამაჯერებელ მაგალითს აღმოსავლეთ საქართველოს სივრცეში. ბაშფლემის ტბის ფირფიტა კი ავსებს ამ სურათს უფრო ფართო სემიოტიკური პერსპექტივით და აჩვენებს, რომ მსგავსი ექსპერიმენტები შესაძლოა არსებობდა სხვადასხვა რეგიონსა და განსხვავებულ ფორმებში.

წარმოდგენილი მასალა პირდაპირ არ ადასტურებს ძვ. წ. II–I ათასწლეულებში ჩამოყალიბებული ანბანური დამწერლობის არსებობას, თუმცა ნათლად მიუთითებს წერითი კულტურის წინარე, სტრუქტურირებულ საფეხურებზე. ეს ეტაპი დამახასიათებელია კომპლექსური საზოგადოებებისთვის, სადაც ინფორმაციის ფიქსაცია, გადაცემა და კონტროლი გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებდა. შესაძლოა, სწორედ ეს მასალა წარმოადგენდეს ივანე ჯავახიშვილის მიერ ნავარაუდებ „დაკარგულ რგოლს“, რომელიც ქართული დამწერლობის ქრისტიანობამდელ ფესვებზე მიანიშნებს.

ამგვარი ხედვა საშუალებას იძლევა კავკასიის სივრცე განვიხილოთ არა როგორც წერითი კულტურის პერიფერია, არამედ როგორც ერთ-ერთი პოტენციური არეალი, სადაც ადგილობრივი ტრადიციები, რეგიონული კონტაქტები და კულტურული ინოვაციები ურთიერთქმედებაში შედიოდა. შესაბამისად, ქართული დამწერლობის ისტორიული ჩამოყალიბება გვიანანტიკურ ეპოქაში შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ხანგრძლივი და მრავალფენიანი პროცესის ლოგიკური შედეგი.

წინამდებარე დასკვნა არ ასრულებს საკითხს საბოლოო პასუხებით, არამედ ქმნის კვლევით ჩარჩოს შემდგომი ინტერდისციპლინური კვლევებისთვის, რომლებიც არქეოლოგიის, ეპიგრაფიკის, სემიოტიკისა და კულტურული ისტორიის ერთობლივ ანალიზს მოითხოვს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Jeong C, Balanovsky O, Lukianova E, et al. ,The genetic history of admixture across inner Eurasia, Nature ecology & evolution, vol.3, pp. 966–976.

2. A. Zeilstra, J. Knop. Details of the History of Inner Eurasia Revealed by New Study. Max Planck Institute of Geoanthropology. [ინტერნეტი] 2019 წლის 29 April .

3. მაკალათია, სერგი. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბილისი : საქართველოს მხარეთმცოდნეობის საზოგადება, 1941.

4. ჯაფარიძე, . საქართველოს ისტორიის სათავეებთან. თბილისი : თსუ, 2003. ISBN: 99940-13-33-5.

5. Sagona, A. The Archaeology of the Caucasus: From Earliest Settlements to the Iron Age. s.l. : Cambridge University Press, 2017. ISBN:9781139061254.

6. მიქელაძე, თეიმურაზ. ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან. თბილისი : მეცნიერება, 1974.

7. ლორთქიფანიძე, . ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან. ოქრომრავალი კოლხეთი. თბილისი : პალიტრა L, 2022.

8. ლიჩელი,ვ., კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში – აღმოსავლური ტენდენციები. s.l. : ქართველოლოგია, 2012 წლის, ტ. 2.

9. მელიქიშვილი, . ძიებანი საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ძველი ისტორიის დარგში. თბილისი : ჯალი, 1999. გვ. 47-52. 99928-41-00-1.

10. ლორთქიფანიძე, ო. კოლხეთის სამეფო.georgianencyclopedia.ge .

11. Morritt, Robert D. Stones that Speak. s.l. : Cambridge Scholars Publishing, 2010. 978-1443821629.

12. ლორთქიფანიძე, ., ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი : სავაჭრო-ეკონომიური და კულტურული ურთიერთობის ისტორიისათვის ძვ.წ. VI-II სს. თბილისი : თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1966.

13. ჯაფარიძე, . ქართველი ერის ეთნოგენეზისის სათავეებთან. თბილისი : არტანუჯი, 2006. ISBN: 99940-55-46-1.

14. გამყრელიძე, . კოლხოლოგიური ნარკვევები. s.l. : არქეოლოგიური კვლევის ცენტრი, 2010.

15. ხახუტაიშვილი ნ., პაპუაშვილი რ., ჩხატარაშვილი გ., კახიძე ე., †ინანიშვილი გ.,. კოლხეთი – რკინის მეტალურგიის უძველესი ცენტრი (ისტორიულ-ინტერდისციპლინური კვლევა). ბათუმი : ბსუ, 2024. ISBN 978-9941-488-87-0.

16. სულავა, ., არახამია, გ. მამარდაშვილი,გ. რეზესიძე, ნ. ძველი კოლხეთი-სპილენძის მეტალურგია (წყაროები, ლიტერატურული ცნობები, მითები). თბილისი : უსათ., 2025.

17.Erb-Satullo Nathaniel L., Gilmour Brian J.J., Khakhutaishvili N.,. Late Bronze and Early Iron Age copper smelting technologies in the South Caucasus: the view from ancient Colchis c. 1500–600 BC. s.l. : Journal of Archaeological Science, 2014, vol. 49.

18. EF, HARTUNG. History of the use of colchicum and related medicaments in gout; with suggestions for further research. 3, . : Annals of the Rheumatic Diseases, 1954 წლის, Annals of the Rheumatic Diseases, Vol. 13.

19. Tsoucalas G, Sgantzos M., Severus Iatrosophista, Theodosius the Philosopher and Jacobus Psychrestos, introducing Colchicum as an innovative treatment for podagra in the early Byzantine period. 2, s.l. : Mediterr J Rheumatol., 2017 , Vol. 28, pp. 106-109.

20. R., Shengelia., Colchis – Iberian Medicine or Cura Mediana. s.l. : Vesalius, 2016 , Vol. 22, pp. 7-13.

21. კვაშილავა, გ., პროტო-ქართველური წერილობითი ძეგლების – ხაზოვანი წარწერების ამოკითხვის შესახებ. s.l. : Ars Georgica, 2010 წლის, Ars Georgica.

22. არგონავტიკა – არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

23. როდოსელი, აპოლონიოს (ა.ურუშაძის თარგმანი). არგონავტიკა. თბილისი : სახელგამი, 1948. გვ. 196.

24. ურუშაძე,ა. , ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში (1. გამოკვლევა 2. ბერძნული ტექსტები,ქართული თარბმანითა და შენიშვნებით ). თბილისი : თსუ, 1964.

25. Licheli, Vakhtang. Proto Georgian script – an archaeological reality (4th c BC – 4th c AD) .

26. Shengelia R, Gordeziani L, Tushabramishvili N, Poporadze N, Zourabichvili O, Discovery Of Unknown Script Characters In Georgia: The Bashplemi Lake Tablet. 03, Cluj-Napoca: Journal of Ancient History and Archaeology, 2024, Journal of Ancient History and Archaeology, Vol. 11.

27. კირბები. ბიბლიოვიკი. [ინტერნეტი]

28. ტყეშელაშვილი, ., უცხოელ ავტორთა ცნობები საქართველოს, როგორც წიგნიერი ერის შესახებ. ქართული როგორც უცხო ენა.

29. თ.ყაუხჩიშვილი, ჰეროდოტე (თარგმანი. ისტორია ტ.I. თბილისი : თსუ, 1975.

30. (tr.G.C.Macaulay), Herodotus. The History of Herodotus. 1890.

31. შენგელია, რ., გორდეზიანი, ლ., თუშაბრამიშვილი, ნ., პოპორაძე, ნ., ზურაბიშვილი, ო. Discovery Of Unknown Script Characters In Georgia: The Bashplemi Lake Tablet. 2023, Journal of Ancient History and Archaeology.

32. Ivantchik, Askold. The Scythian ‘Rule Over Asia’: the Classical Tradition and the Historical Reality. Ancient Greeks, West and East. გვ. 497–520.

33. კახიძე, ა., ნ. სურმანიძე. ძველი კოლხური გორანამოსახლარი, ნამჭედური I (NAMCHEDURI I. ANCIENT COLCHIAN INHABITED HILL). ბათუმი : PICHVNARI, 2023 წლის, Vol. VIII, გვ. 87-116.

34. ჩავლეიშვილი, ი., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამოსახლოები და მშენებლობის ტექნიკა II-I ათასწლეულში. ბათუმი : Pichvnari, 2023 წლის, Vol. VII, გვ. 142-173.

35. კახიძე,ა., სურმანიძე,ნ., ნაგერვაძე, მ., გორანამოსახლარი ნამჭედური II. ბათუმი : Pichvnari, 2023 წლის, Vol. VIII, გვ. 206-238.

36. Menotti, Francesco. Living on the Lake in Prehistoric Europe 150 Years of Lake-Dwelling Research. s.l. : Routledge, 2004. 9780415317207.

37. Barbara Fath, Renata Huber, Carmen Löw, Gishan Schaeren. UNESCO WORLD HERITAGE PREHISTORIC PILE DWELLINGS AROUND THE ALPS. s.l. : International Coordination Group UNESCO Palafittes, 2011.

38. დანელია,., სარჯველაძე, ., ქართული პალეოგრაფია. თბილისი : ნეკერი, 1997.

39. ჯავახიშვილი, ., ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია. თბილისი : თსუ, 1949.

40. ჭილაშვილი, ., [რედ.] პროფ. ე.სანთიბიძე. წინაქრისტიანული ხანის წარწერა ნეკრესიდან. 2000 წლის, ქართველოლოგი, Vol. 7.

41. კვაშილავა, გია., საქართველოში აღმოჩენილი დაბლაგომის დოქის წარწერისა და ჯუმითის ქვის უძველესი ხაზოვანი ნიშნის გაშიფრვის შესახებ. თბილისი : ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017 წლის ივლისი-აგვისტო , ქართველოლოგია.

42. საქართველოს გლიპტიკური ძეგლები, იბერია-კოლხეთი გამოცემა, ; მთავარი რედ.: ,. ქ.ჯავახიშვილი. [რედ.] გელა გამყრელიძე. თბილისი : საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 2015 წლის, იბერია-კოლხეთი, საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ ისტორიული კვლევანი, გვ 5-36.

43. ბერძენიშვილი, ., ანტიკური ხანის გლიპტიკური ძეგლები ქუთაისიდან და მისი მიდამოებიდან. ქუთაისი : ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წელიწდეული, 2012 წლის, გვ. 29-44.

44. კვაშილავა, გ., პროტო-ქართველური წერილობითი ძეგლების – ხაზოვანი წარწერების ამოკითხვის შესახებ (მოკლე მიმოხილვა, შედეგები). s.l. : Ars Georgica, 2022 წლის. 1512-4088.

45. Licheli, V. Intellectual Innovations in Georgia (11th-9th Centuries BC): Excavations at Grakliani Hill. . 2020 წლის, Ancient Civilizations from Scythia to Siberia, ხმა 26, გვ. 350-361.

46. ლიჩელი, ვ. 2017 წელს გრაკლიან გორაზე ჩატარებული გათხრების მოკლე ანგარიში. s.l. : 2017 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშების კრებული. გვ. 12-23. 978-9941-8-0187-7.

47. ლიჩელი, ვახტანგ, გრაკლიანი – სამარხებიდან დამწერლობამდე. თბილისი : VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები, 2016.

48. ვ.ლიჩელი, ს.ბუგინიშვილი, გრაკლიანის გორის 2019 წლის გათხრების მოკლე ანგარიში. თბილისი : არქეოლოგია, 2022 წლის, vol. 6. 2587-5175.

49. V.Licheli. Paleo-Georgian (Kartli) script of 7th c BC.

50. 3000-year-old script discovered in Georgia to change world’s history of writing. Georgianjournal. [ინტერნეტი] 2016 წლის 26 Jul.

51. მაისურაძე, ., გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერა. 2019 წლის 06 12, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, გვ. 16-43.

52. Licheli, V., გრაკლიანის გორის საბეჭდავები (Seals from Grakliani Hill, with English summary). s.l. : Articles of Batumi Archaeological Museum, 2019 წლის.

53. ლიჩელი, ., ქართველოლოგიის მნიშვნელოვანი სიახლენი: გრაკლიანი სამარხებიდან დამწერლობამდე. თბილისი : VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები, VIIth International Symposium on Georgian/Kartvelian Studies, 2016. გვ. 35-45 .

54. მელიქიშვილი, ., (რედაქტორი). ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია. თბილისი : მეცნიერება, 1988.

55. Hunter, Wiliam. Archaeologists uncover a mysterious stone tablet in Georgia that contains an unknown language – and it’s like NOTHING seen before. Online. [ინტერნეტი] dailymail, 2024, 4 12.

56. Lost Undeciphered Ancient Language Discovered on Tablet in Georgia. Newsweek. [ინტერნეტი] 2024. 06 12.

57. Silver, Eliana. Archaeology breakthrough as scientists discover stone tablet in Georgia with ‘ancient lost language’ NEVER seen before.Gbnews. [ინტერნეტი] 2024. 04 12.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *