uzvelesi damcerloba hover

შუმერული ლურსმულიდან გრაკლიანის წარწერამდე: კავკასია როგორც უძველესი წერითი კულტურის გზაჯვარედინი

Date: 11.02.2025

ავტორი: ჯანო მარხულია (Jano Markhulia)

აბსტრაქტი

ნაშრომი წარმოადგენს სტატიათა ციკლის პირველ ნაწილს (უძველესი წერითი სისტემების ევოლუცია: შუმერული ლურსმულიდან ლუვიურ იეროგლიფებამდე)და მიმოიხილავს კაცობრიობის უძველეს დამწერლობის სისტემებს, განსაკუთრებული აქცენტით კავკასიის რეგიონის კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობაზე. განხილულია შუმერული, ეგვიპტური, აქადური, ელამური, კრეტული, ხეთური და ლუვიური დამწერლობები, მათი წარმოშობა, ევოლუცია და გავლენა კაცობრიობის კულტურულ-სამეცნიერო პროგრესზე. ნაშრომის მეორე ნაწილი ( კავკასია და თანამედროვე ადამიანის ადრეული გენეზისი: არქეოგენეტიკური, ეკოლოგიური და კულტურულ-ისტორიული პერსპექტივები ) ფოკუსირებულია კავკასიის, განსაკუთრებით საქართველოს, მნიშვნელოვან როლზე როგორც თანამედროვე ადამიანის გენეზის, ისე ადრეული ცივილიზაციების ფორმირების კონტექსტში. უახლესი არქეოგენეტიკური და არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე განხილულია რეგიონი როგორც კულტურულ-ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრი, სადაც უკვე ქვედა პალეოლითიდან ქალკოლითის პერიოდამდე მიმდინარეობდა აქტიური კულტურათაშორისი ურთიერთქმედება.
მესამე ნაწილი სიღრმისეულად მიმოიხილავს კავკასიაში აღმოჩენილ არქეოლოგიურ მტკიცებულებებს ადგილობრივი წერითი ტრადიციების შესაძლებლობის შესახებ. ყურადღება ეთმობა გრაკლიანის გორისა და ბაშპლემის ტბის ფირფიტის წარწერებს, ასევე კოლხურ (პროტო-ქართველურ) არტეფაქტებს, როგორიცაა ჯუმითის ქვისა და დაბლაგომის დოქის ხაზოვანი ნიშნები. ეს აღმოჩენები ახალ პერსპექტივას ქმნის რეგიონის კულტურული განვითარების გასააზრებლად და უძველეს დამწერლობათა ისტორიის ფართო კონტექსტში კავკასიის უნიკალურ როლს უსვამს ხაზს.

Abstract

This article constitutes the first part (The Evolution of Ancient Writing Systems: From Sumerian Cuneiform to Luwian Hieroglyphs) of a broader research series and offers an overview of the world’s earliest writing systems, with a particular emphasis on the cultural and historical significance of the Caucasus region. It examines the origins, evolution, and civilizational impact of early scripts such as Sumerian, Egyptian, Akkadian, Elamite, Cretan, Hittite, and Luwian. Thesecond part (The Caucasus and the Early Genesis of Modern Humans: Archaeogenetic, Ecological, and Cultural-Historical Perspectives)of the series focuses on the pivotal role of the Caucasus—especially Georgia—in the genesis of modern humans and the formation of early civilizations. Drawing on recent archaeogenetic and archaeological data, it explores the region as a center of cultural and technological innovation, active from the Lower Paleolithic through the Chalcolithic, and highlights its importance as a zone of sustained intercultural interaction.

The third part delves into archaeological evidence pointing to the possibility of indigenous writing traditions in the Caucasus. Particular attention is given to inscriptions found at the Grakliani Hill and the Bashplemi Lake tablet, as well as proto-Georgian (Colchian) artifacts such as the linear engravings on the Jumiti stone and the Dablagomi vessel. These discoveries offer a new perspective on the cultural development of the region and underscore the unique role of the Caucasus in the broader history of ancient writing systems.

უძველესი წერითი სისტემების ევოლუცია: შუმერული ლურსმულიდან ლუვიურ იეროგლიფებამდე

 (ნაწილი I)

შესავალი

დამწერლობა უდავოდ კაცობრიობის კულტურულ ფასეულობათა შორის უდიდეს მონაპოვრად შეიძლება ჩაითვალოს. ცეცხლთან ერთად, იგი იქცა ადამიანის იმ მძლავრ იარაღად, რომელმაც არსებითად განსაზღვრა კაცობრიობის პროგრესი და ცივილიზაციის განვითარება. დამწერლობა არის არა მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება, არამედ დროისა და სივრცის გადალახვის უნიკალური შესაძლებლობაც, რომელიც მტკიცე კავშირს ქმნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის (1) (2) (3).

ზოგადად, დამწერლობის შექმნა და მისი წარმოშობა გარკვეულ ისტორიულ წინაპირობებთანაა დაკავშირებული. ამ პროცესმა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა, მრავალი ცივილიზაციისთვის შექმნა უნიკალური იდენტობა და შესაძლებლობა ცოდნისა და კულტურის გადაცემისთვის (3) (4). შესაბამისად, დამწერლობის წარმოშობის შესასწავლად მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს ისტორიული ფაქტები, რომლებიც დასტურდება არქეოლოგიური არტეფაქტებით, სხვადასხვა გადმოცემითა და დოკუმენტებით. ამის მეშვეობით შესაძლებელია გასაგები გახდეს, რა ცვლილებები მოხდა ადამიანთა ცხოვრებასა და კაცობრიობის ისტორიაში, რაც დამწერლობის შექმნის ან უკვე არსებული სისტემის შეცვლის საჭიროებას წარმოშობდა (4).

როდის და ვინ შექმნა ესა თუ ის წერითი სისტემა? რას გვიჩვენებს ისტორიკოსთა კვლევები კონკრეტული წერითი სისტემის გაჩენის ან ცვლილებების შესახებ? ამ კითხვებზე პასუხი ხელს უწყობს დამწერლობის განვითარების პროცესის უკეთ გაგებას.

ამჟამად მსოფლიოში 7164 ენა არსებობს, რომელთაგან დაახლოებით 40% გადაშენების საფრთხის წინაშე დგას (5) (6). დამწერლობათა რიცხვი კი გაცილებით ნაკლებია და მათი სისტემები ხშირად ისტორიულ პროცესებსა და სოციალურ გარემოებებზეა დამოკიდებული. დაახლოებით 5000 წლის წინ გაჩენილი უძველესი წერითი სისტემები მრავალი თანამედროვე დამწერლობის საფუძველს წარმოადგენს (7; 8). თუმცა, დღემდე არსებობს ისეთი ტექსტებიც, რომელთა გაშიფვრა კვლავ გამოწვევად რჩება მეცნიერებისთვის.

კავკასიის რეგიონი განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული მნიშვნელობით გამოირჩევა. მისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა ცივილიზაციათა შეხვედრისა და განვითარებისთვის იდეალურ პირობებს ქმნიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული ცხრა თანამედროვე ანბანური დამწერლობიდან ამ პატარა რეგიონში სამი უნიკალური ანბანი განვითარდა – ქართული, სომხური და ალბანური, რაც ხაზს უსვამს კავკასიის განსაკუთრებულ კულტურულ თვითმყოფადობას.

ბოლო ათწლეულებში საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა მოხდა, რომლებმაც კავკასიის რეგიონის ისტორიული მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი ძვ. წ. VII საუკუნის უცნობი დამწერლობის ნიმუში. ასევე მნიშვნელოვანია 2021 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში, ბაშლემის ტბასთან აღმოჩენილი ბაზალტის ფირფიტა, რომელიც უცნობი დამწერლობის ნიმუშს შეიცავს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ჯუმითში აღმოჩენილი ხაზოვანი წარწერის მქონე ქვა (9; 10; 11; 12). ეს არტეფაქტები დღემდე გაუშიფრავია და შესაძლოა სრულიად ახალ ინფორმაციას გვაწვდიდეს რეგიონის ისტორიისა და კულტურული განვითარების შესახებ.

წინამდებარე სტატიათა ციკლის მესამე ნაწილში განვიხილავთ ამ უნიკალურ აღმოჩენებს და შევაფასებთ მათ მნიშვნელობას. თუმცა, საკითხის უკეთ გასაგებად, პირველ რიგში მიმოვიხილავთ უძველესი დამწერლობების სისტემებსა და მათი განვითარების ისტორიულ გზას.

1.    მსოფლიოს უძველესი დამწერლობები

1.1 შუმერული ლურსმული დამწერლობა

შუმერული დამწერლობა, რომელიც ასევე ცნობილია ლურსმული (სოლისებრი) დამწერლობის სახელით, მსოფლიოში ყველაზე ადრეულ დამწერლობის სისტემად არის აღიარებული. სიტყვა “შუმერული” მომდინარეობს აქადური სიტყვიდან šumeru; თავად შუმერები თავიანთ ენას მოიხსენიებდნენ როგორც  eme-gi (“მშობლიური ენა”) (13). უძველესი დამწერლობის სისტემა შეიქმნა შუმერების  მიერ ძველ შუამდინარეთში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე, დაახლოებით ძვ. წ. 3200 წელს ( 7; 14;15).

uruk expansion geo

სურათი 1. შუმერის რუკა (ძვ.წ.აღ-ის IV ათასწლეულის ბოლოს), „ურუქის ექსპანსია“: ქვემო მესოპოტამიაში მდებარე „მთავარმა“ დასახლებებმა ძლიერი ზეგავლენა მოახდინეს მათ „პერიფერიებზე“, რომლებიც მდებარეობდნენ ზემო მესოპოტამიაში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. რუკა შედგენილია წყაროზე დაყრდნობით.

დამწერლობა თავდაპირველად პიქტოგრამების სახით გაჩნდა და გამოიყენებოდა თიხის ფირფიტებზე საქონლის ტიპისა და რაოდენობის აღსანიშნავად. დროთა განმავლობაში, პიქტოგრამები განვითარდა და გარდაიქმნა იდეოგრამებად, რომლებიც უფრო აბსტრაქტულ სიმბოლოებს წარმოადგენდნენ (16; 17). ძვ. წ. III ათასწლეულის შუა პერიოდისთვის პიქტოგრამები სოლის ფორმის შტრიხებად ჩამოყალიბდა, ხოლო იდეოგრამები სილაბურ ელემენტებს შეიცავდა. შედეგად, შუმერული ლურსმული დამწერლობა ლოგო-სილაბურ სისტემად ჩამოყალიბდა, რაც ლოგოგრამებისა და მარცვლოვანი ელემენტების კომბინაციას გულისხმობს (18; 19) .

დამწერლობის ევოლუცია მოიცავდა ასევე წერის მიმართულების ცვლილებას. ადრეული ტექსტები ვერტიკალურად, ზემოდან ქვემოთ იწერებოდა, თუმცა დაახლოებით ძვ. წ. 3000 წლისთვის წერა ჰორიზონტალურ, მარცხნიდან მარჯვნივ რიგებზე გადავიდა. სიმბოლოების რაოდენობა დროთა განმავლობაში შემცირდა: ადრეულ ტექსტებში დაახლოებით 1000 სიმბოლოს იყენებდნენ, რაც მოგვიანებით 400-მდე დაიყვანეს

დამწერლობის ევოლუცია მოიცავდა ასევე წერის მიმართულების ცვლილებას. ადრეული ტექსტები ვერტიკალურად, ზემოდან ქვემოთ იწერებოდა, თუმცა დაახლოებით ძვ. წ. 3000 წლისთვის წერა ჰორიზონტალურ, მარცხნიდან მარჯვნივ რიგებზე გადავიდა. სიმბოლოების რაოდენობა დროთა განმავლობაში შემცირდა: ადრეულ ტექსტებში დაახლოებით 1000 სიმბოლოს იყენებდნენ, რაც მოგვიანებით 400-მდე დაიყვანეს (14; 19).

shumeruli

სურათი 2. შუმერული ლურსმული ნიშნების ევოლუცია: არქაული შუმერული პერიოდიდან (ძვ.წ. XXX ათასწლეული) ძველი ასურული პერიოდის ლურსმულ დამწერლობამდე (~600 წ. ჩვ.წ.აღ-მდე).

ისტორიული ეტაპი

შუმერული დამწერლობის ისტორია შეიძლება დაიყოს რამდენიმე პერიოდად:

  • დამწერლობისწინარე პერიოდი : დაახლოებით ძვ. წ. 3100 – 3000 წ.;
  • არქაული შუმერული: დაახ. ძვ. წ. 3000 – 2500 წ.;
  • ძველი შუმერული : დაახ. ძვ. წ. 2500 – 2350 წ;
  • ძველაქადურ-შუმერული : დაახ.  ძვ. წ. 2350 – 2200 წ;
  • ნეოშუმერული : ძვ. წ. 2200 – 2000 წ;
  • ძველ ბაბულონური-შუმერული : ძვ. წ. 2000 – 1600 წ.
  • პოსტბაბილონური შუმერული : ძვ. წ. 1600 წლის შემდეგ (17).

ამ პერიოდის განმავლობაში, დამწერლობა ადაპტირებული იყო შუმერულის მიღმა სხვადასხვა ენებზე, მათ შორის აქადურ, ელამურ და ხეთეურ ენებზე.

სურათი 3. თიხის ფირფიტები წარწერებით: მარცხნივ – ფირფიტა საკვები რაციონის დეტალებით, შესრულებული პიქტოგრაფიული ნიშნებით სამხრეთ მესოპოტამიიდან (ძვ. წ. 3300-3100 წწ.). ყურადღება მიაქციეთ ნიშნების ფერწერულ ხასიათს, როგორიცაა ადამიანის თავი პურით ქვედა რეესტრში. BM 140852. იხილეთ დიდი სურათი ბრიტანეთის მუზეუმის ვებსაიტზე.  მარჯვნივ – ფირფიტა შუმერული ლურსმული დამწერლობით, რომელიც გვიჩვენებს ლურსმული დამწერლობის უფრო ხაზოვან ფორმას (ძვ. წ. 2500 წელი). ტექსტი: შემაჯამებელი ცნობა გუბერნატორისთვის შეგროვებული ვერცხლის შესახებ. შურუფპაკი, ერაყი. ავტორი  Gavin Collins

შუმერული ენა იზოლირებული ენაა და არ მიეკუთვნება არცერთ ცნობილ ენათა ოჯახს (18; 21). ის მკვდარ ენად ითვლება, თუმცა შუმერული ლურსმული დამწერლობა 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მესოპოტამიის სხვა ცივილიზაციებზე (22). აღსანიშნავია, რომ, შუმერული  დამწერლობა III ათასწლეულის შუა ხანებში გადაიღეს არამხოლოდ აქადელებმა და  ელამელებმა, არამედ მოგვიანებით ხეთებმა, ხურიტებმალუვიელებმა და  ურარტუელებმა (17).

შუმერები თავიანთი დამწერლობით ახდენდნენ  კანონების, სავაჭრო გარიგებებისა და ლიტერატურული ტექსტების დოკუმენტირებას (22). შუმერული ენის გაშიფვრა რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში, გერმანელი მეცნიერი გეორგ ფრიდრიხ გროტეფენდის მიერ განხორციელებული სამუშაოებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მისი მეთოდები საფუძვლად დაედო ლურსმული დამწერლობის სხვა ენების, მათ შორის შუმერულის გაშიფვრას.

ლურსმული დამწერლობის სისტემა საბოლოოდ I საუკუნის მიჯნაზე ფინიკიურმა ანბანმა ჩაანაცვლა, თუმცა მისი მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებულად დიდია. შუმერული ლურსმული დამწერლობა იყო პირველი ნაბიჯი წერის სისტემების განვითარებაში და შთააგონა მრავალი სხვა ცივილიზაცია.

ძველი შუმერული ენის ჟღერადობა (რიცხვები, სიტყვები და ტექსტის ნიმუში)

1.2 ეგვიპტური იეროგლიფები

ეგვიპტური იეროგლიფები წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ და დახვეწილ დამწერლობის სისტემას, რომელიც ძირითადად ძველ ეგვიპტეში მონუმენტური წარწერებისა და რელიგიური ტექსტებისთვის გამოიყენებოდა. ეს სისტემა აერთიანებდა სხვადასხვა ელემენტებს, მათ შორის იდეოგრაფიულ, ლოგოგრაფიულ, სილაბურ და ანბანურ ნიშნებს (შეიცავს 1000-ზე მეტ განსხვავებულ სიმბოლოს), რაც მას კომუნიკაციის რთულ, მაგრამ ვიზუალურად გასაოცარ ფორმად აქცევს.

იეროგლიფური დამწერლობის სათავეებად შეიძლება მივიჩნიოთ ადრეული ბრინჯაოს ხანა, დაახლოებით ძვ.წ. 33-ე საუკუნეში. იეროგლიფების ყველაზე ადრეული ნიმუშები თარიღდება მეორე დინასტიიდან (დაახლოებით ძვ. წ. 28-ე საუკუნე) და გამოიყენებოდა ძირითადად მონუმენტური წარწერებისთვის. დამწერლობამ მოწიფულ ფორმას მიაღწია შუა სამეფოში (ძვ. წ. 2055-1650 წწ.), სადაც იგი ფართოდ გამოიყენებოდა რელიგიურ ტექსტებსა და ლიტერატურაში მასალებზე, როგორიცაა პაპირუსი და ხე (24; 25).

ბერძნებმა ეგვიპტური სიმბოლოების   ფერწერული ელეგანტურობა და სინატიფე იმდენად დააფასეს, რომ მათ „საღვთო კვეთა“ ანუ იეროგლიფები  უწოდეს ( ბერძნ. hierós — საღვთო (წმინდა) და glýphein — ამოჭრა, ამოკვეთა). ძველი ეგვიპტელები თავიანთ დამწერლობას „ღმერთების სიტყვებს“ ( medu netjer ) უწოდებდნენ,  რადგან ითვლებოდა, რომ წერა ღმერთების მიგნება იყო (25; 26).

egvipturi ieroglifi

სურათი 4. ძველი ეგვიპტური საფლავის ქვა იეროგლიფური წარწერებით, ფოტო წყარო Flickr via Arild Finne Nybø.

ევოლუცია და გაშიფვრა

იეროგლიფების წარმოშობა ბოლომდე არ არის გასაგები, მაგრამ ისინი, სავარაუდოდ, წარმოიშვა პრეისტორიული კლდის ხელოვნებიდან და ფერწერული წარმოდგენებიდან, რომლებიც გამოიყენებოდა ნილოსის გასწვრივ ადრეული თემების მიერ (25).

მე-3 დინასტიის დროს (დაახლოებით ძვ. წ. 2650–2575 წწ.) დარეგულირდა იეროგლიფური დამწერლობის მრავალი პრინციპი, რამაც განაპირობა უფრო სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც შენარჩუნდა კოპტური დამწერლობის აღზევებამდე III და IV საუკუნეებში. ქრისტიანობის გავრცელებამ ეგვიპტეში მნიშვნელოვნად შეამცირა იეროგლიფების გამოყენება. ჩვ.წ 391 წლის შემდეგ, წარმართული ტაძრების დახურვამ საბოლოოდ განაპირობა იეროგლიფური სისტემის დავიწყება (24; 25).

იეროგლიფების გაშიფვრა მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში გახდა შესაძლებელი. შესაძლებელი. 1799 წელს, ეგვიპტეში, ქალაქ როზეტის (რაშიდი) მახლობლად აღმოჩენილმა როზეტის ქვამგადამწყვეტი როლი ითამაშა ძველი ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრაში. ქვაზე ამოტვიფრული იყო ერთი და იგივე ტექსტი სამი სახის დამწერლობით: ძველეგვიპტური იეროგლიფებით, ეგვიპტური დემოტურით და  ბერძნული დამწერლობით. ფრანგმა ეგვიპტოლოგმა, ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა , ამ ქვაზე დაყრდნობით, შეძლო იეროგლიფების გაშიფვრა, რაც თანამედროვე ეგვიპტოლოგიის საფუძვლად იქცა (27; 28). ბერძნული და დემოტური ტექსტების არსებობამ მეცნიერებს საშუალება მისცა, შეედარებინათ ისინი იეროგლიფურთან და საბოლოოდ გაეშიფრათ ძველი ეგვიპტური დამწერლობა.

კულტურული მნიშვნელობა და გავლენა

ეგვიპტური იეროგლიფების გავლენა ძველი ეგვიპტის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა.

ამ სისტემამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდგომი დამწერლობების განვითარებაში, მათ შორის იერატიკულ  და დემოტურ სისტემებში, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებოდა.

გარდა ამისა, ეგვიპტური იეროგლიფები განიხილება მრავალი თანამედროვე ანბანის, მათ შორის ლათინური და კირილური დამწერლობების, წინამორბედად, ასევე იკვეთება მისი კავშირი ფინიკიურ დამწერლობის სისტემებთან (25).

ამრიგად, ეგვიპტური იეროგლიფები წარმოადგენს რთულ და მდიდარ დამწერლობის სისტემას, რომელიც არა მხოლოდ ემსახურებოდა პრაქტიკულ მიზნებს, არამედ გადამწყვეტ როლს თამაშობდა ძველი ეგვიპტელების სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში. მისმა ხელახალმა აღმოჩენამ მოგვცა ფასდაუდებელი შეხედულებები ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის შესახებ.

ძველი ეგვიპტური ენის ჟღერადობა (რიცხვები, სიტყვები და ტექსტის ნიმუში)

1.3 აქადური ლურსმული დამწერლობა

სიძველის მიხედვით მესამე ადგილზეა აქადური ლურსმული დამწერლობა.

აქადური ლურსმული დამწერლობა წარმოადგენს წერით სისტემას, რომელიც გაჩნდა ძველ ახლო აღმოსავლეთში და ძირითადად გამოიყენებოდა აქადური ენის ჩასაწერად (29). მიუხედავად იმისა, რომ შუმერული და აქადური ენა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, აქადელებმა, რომლებიც შუმერების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ, შუმერული დამწერლობის სისტემა შეითვისეს და გაამარტივეს, რათა ის მათი სემიტური ენისთვის შეესაბამებინა. ეს პროცესი დაიწყო დაახლოებით ძვ. წ. 2500 წელს (7; 30).

aqadi elami shumer

სურათი  5. აქადის, ელამის და ჰურიების სამეფოები ძვ. წ. 2300 წელს, ავტორი Jolle 

მახასიათებლები

აქადური ლურსმული დამწერლობა ხასიათდება შერეული სისტემით, რომელიც მოიცავს როგორც ფონეტიკურ, ისე ლოგოგრაფიულ ნიშნებს. კერძოდ, იგი ხასიათდებოდა შემდეგი ტიპის ნიშნებით:

  • სილაბოგრამები – ნიშნები, რომლებიც წარმოადგენენ მარცვლებს ან მარცვლების ნაწილებს;
  • ლოგოგრამები – ნიშნები, რომლებიც მთლიან სიტყვებს გამოხატავენ და უმეტესწილად შუმერულიდან მომდინარეობს;
  • სუმეროგრამები – ლოგოგრამები, რომლებიც ინარჩუნებენ შუმერულ გამოთქმას, მაგრამ გამოიყენება აქადურ კონტექსტში (31; 29).

სურათი 6. ზოგიერთი აქადური ლურსმული გლიფი. წყარო

ეს ნიშნები, რომელთაგან ზოგი ფონეტიკურ მნიშვნელობას გადმოსცემდა, ზოგი კი – ცალკეულ სიტყვას ან ცნებას, ქმნიდა საკმაოდ რთულ სისტემას. ამ სისტემის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო თავისებურება ის იყო, რომ ერთ ნიშანს კონტექსტიდან გამომდინარე მრავალი მნიშვნელობა ენიჭებოდა. აქადური ლურსმული დამწერლობა მოიცავდა შვიდას-რვაას სიმბოლოს, თუმცა ყოველდღიურ გამოყენებაში მხოლოდ ორას-ოთხასი გამოიყენებოდა (32).

aqaduri lursmnuli

სურათი 7. თიხის ფირფიტა აქადური ლურსმული წარწერით, რომელიც მოგვითხრობს აქადის მეფის, სარგონის , დაბადების ამბავს. ფირფიტის ეს ფრაგმენტი აღწერს, თუ როგორ იპოვეს იგი ბავშვობაში მდინარეში მცურავ კალათში (სარგონი მეფობდა ძვ.წ. 2334-2279 წლებში). ნეოასურული პერიოდი, ძვ.წ. VII საუკუნე. (ბრიტანული მუზეუმი, ლონდონი), წყარო: ოსამა შუკირ მუჰამედ ამინი (Osama Shukir Muhammed Amin).

მემკვიდრეობა და გავლენა

აქადური ლურსმული დამწერლობა გამოიყენებოდა რომაული ხანის ბოლომდე; ბოლო ცნობილი წარწერა თარიღდება 75 წლით. ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მან გავლენა მოახდინა რეგიონის სხვა ენებზე, მათ შორის ხეთურსა და ელამურზე, და წარმოაჩინა თავისი ადაპტაციის უნარი (33; 34). აქადურსა და შუმერულს შორის ურთიერთქმედება ასევე ხაზს უსვამს კულტურულ გაცვლას ძველ ახლო აღმოსავლეთში, სადაც ენები ზეგავლენას ახდენდნენ ერთმანეთის განვითარებაზე (32).

აქადური ლურსმული დამწერლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძველი მესოპოტამიური ცივილიზაციის გასაგებად. მისი გამოყენების სფეროები მოიცავს:

  • ლიტერატურას – ეპიკური თხზულებები და რელიგიური ტექსტები;
  • ადმინისტრაციას – იურიდიული დოკუმენტები და ეკონომიკური ჩანაწერები;
  • მეცნიერებას – მათემატიკისა და ასტრონომიის სფეროებში გაღრმავებული ცოდნის ტექსტები.

ტექსტის ნიმუში

aqaduri texti

UDHR-ის 1-ლი მუხლი

ni-šu-ka-lu-ši-na-e-la-tum-wa-al-da-ma-i-na-a-wi-lu-tim-u-ma-ṣi-a-li-ba- u-mil-ka-am-i-ša-ma-mit-ḫa-ri-iš-i-na-a-ḫu-tim-i-pe-ša

თარგმანი

ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი ღირსებითა და უფლებებით. ისინი დაჯილდოვებულნი არიან გონიერებითა და სინდისით და ერთმანეთის მიმართ ძმობის სულისკვეთებით უნდა მოიქცნენ.

ენის ევოლუცია

აქადური ენა საბოლოოდ გახდა დომინანტური ძველ მესოპოტამიაში. ჩვ.წ.აღ-მდე XXI საუკუნეში გაჩნდა მისი ასურული და ბაბილონური დიალექტები, რის გამოც მას ხშირად ასურულ-ბაბილონურ ენასაც უწოდებენ. ეს დიალექტები შემდგომში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ბაბილონურ და ასურულ ენებად (7).

აქადური ენის გაშიფვრაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს კარსტენ ნიბურს (Carsten Niebuhr , 1767 წ.), ხოლო საბოლოო გაშიფვრა ედუარდ ჰინკსის და ჰენრი რაულინსონის  სახელებთანაა დაკავშირებული.

ისტორიული მნიშვნელობა

აქადური ლურსმული დამწერლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას წერით სისტემებში. მისი სირთულე და მრავალფეროვნება ასახავს ძველ მესოპოტამიურ ცივილიზაციაში ენობრივ და კულტურულ სიმდიდრეს, რაც გავლენას ახდენდა რეგიონის სხვა კულტურებზე. ამ სისტემამ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანა ადამიანის კომუნიკაციისა და ცივილიზაციის განვითარებაში.

აქადური ენის ჟღერადობა (რიცხვები, სიტყვები და ტექსტის ნიმუში)

1.4 ელამური ლურსმული დამწერლობა

ელამური ლურსმული დამწერლობა წარმოადგენს ლოგო-სილაბურ სისტემას, რომელიც გამოიყენებოდა ელამური ენის ჩასაწერად. ელამელები იყვნენ უძველესი ახლო აღმოსავლელი ხალხი, რომლებიც თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ (იხ. სურ. 5). ეს დამწერლობა გამოიყენებოდა ძვ. წ. 2300-დან ახ. წ. 400 წლამდე (35; 36).

ელამური ენა და დამწერლობა

ელამური ენა უნიკალურია და არ უკავშირდება მეზობელ სემიტურ ან ინდოევროპულ ენებ, რაც მის შესწავლას განსაკუთრებით რთულს ხდის. ელამური ენა განეკუთნვება  ე.წ მკვდარ ენათა ჯგუფს და მისი ინტერპრეტაცია შეზღუდული რესურსებისა და გაშიფვრის სირთულეების გამო დიდ გამოწვევას წარმოადგენს ( 30; 34; 35). ელამური წარწერები განეკუთვნება ძვ. წ. 2400-დან ახ. წ. 350 წლამდე პერიოდს. დამწერლობის ტიპი სილაბურია, ხოლო წერის მიმართულება – მარცხნიდან მარჯვნივ.

elamuri damcerloba

სურათი  8. მეფე შილჰაკ–ინშუშინაკის წარწერა, ძვ. წ. 1140, წყარო Jastrow .

ელამური ლურსმული დამწერლობა შეიცავდა ორ ძირითად ვარიანტს, რომლებიც აქადურიდან იყო მიღებული (7; 30). განსხვავებით აქადური ლურსმულის ასობით სიმბოლოსგან, ელამურმა ლურსმულმა შეინარჩუნა მხოლოდ 130-დან 206-მდე ნიშანი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელამური ტექსტია სპარსეთის მეფეების სამენოვანი ფირფიტები, რომლებიც დაწერილი იყო ძველსპარსულად, ბაბილონურად და ელამურად. ეს ფირფიტები ფართოდ გამოიყენებოდა ელამური ტექსტების გასაშიფრად (7; 30).

გაშიფვრის გამოწვევები

ელამური ლურსმული ასოების გაშიფვრა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა მისი იზოლირებული ენობრივი სტატუსისა და ორენოვანი ტექსტების ნაკლებობის გამო. პირველი მნიშვნელოვანი პროგრესი განხორციელდა 1840-იან წლებში, როდესაც მეცნიერებმა მისი სტრუქტურის გაგება დაიწყეს სხვა ლურსმული დამწერლობების შედარების გზით. მიუხედავად ამისა, ენის მრავალი ასპექტი ჯერ კიდევ გაუშიფრავია, რაც ზღუდავს მისი ყოვლისმომცველი გაგების შესაძლებლობას (37; 38).

elamuri gashifruli

სურათი 9. გაშიფრული ძველი ელამური სიმბოლოები. წყარო

კულტურული მნიშვნელობა

ელამური ლურსმული დამწერლობა ძირითადად გამოიყენებოდა ადმინისტრაციულ კონტექსტში და სამეფო წარწერებში, განსაკუთრებით აქემენიდების იმპერიის დროს (ძვ. წ. VI-IV სს.). ის ჩნდებოდა ძველ სპარსულთან და ბაბილონურთან ერთად სამენოვან წარწერებში, რაც ხაზს უსვამს მის პრესტიჟულ მნიშვნელობას (38). მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენება ყოველდღიურობაში შეზღუდული იყო, ელამური დამწერლობა ემსახურებოდა მონუმენტური წარწერებისა და ოფიციალური ჩანაწერების შექმნას (38).

ისტორიული მნიშვნელობა

ელამური ლურსმული დამწერლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან თავს დამწერლობის სისტემების ისტორიაში. მისი შესწავლა არა მხოლოდ აფართოებს ჩვენს ცოდნას ძველი ირანის კულტურისა და ენის შესახებ, არამედ ხელს უწყობს კაცობრიობის ისტორიაში დამწერლობის განვითარების შესახებ ფართო დისკუსიებს.

ვიდეო: ელამური ენის ჟღერადობა (რიცხვები, სიტყვები და ტექსტის ნიმუში); მოკლემეტრაჟიანი ვიდეო ძველი ელამების შესახებ

1.5 კრეტული იეროგლიფები

კრეტული ფიგურული დამწერლობა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კრეტული იეროგლიფები, უძველესი დამწერლობის სისტემაა, რომელიც გამოიყენებოდა კუნძულ კრეტაზე მინოსურ ცივილიზაციაშ, დაახლოებით ძვ. წ. 2100-1700 წლებში. ეს სისტემა ითვლება ევროპის კონტინენტის ყველაზე ადრეულ დამწერლობის ფორმად (39). კრეტული იეროგლიფები ასწრებს A ხაზოვან დამწერლობას დაახლოებით ერთი საუკუნით, თუმცა ორივე სისტემა თანაარსებობდა ისტორიის დიდი ნაწილის განმავლობაში (7; 40; 41).

კრეტული იეროგლიფები, ძირითადად, გაუშიფრავია, თუმცა მიიჩნევა, რომ ეს არის ლოგო-სილაბური სისტემა, რომელიც აერთიანებს ლოგოგრამებს (სიტყვის სიმბოლოებს) და სილაბოგრამებს (ხმის სიმბოლოებს) (40; 41; 42).

kretuli sabechdavi

სურათი 10. კრეტული ბეჭედი, ავტორი Ingo Pini

სტრუქტურა და მახასიათებლები

ამჟამინდელი კვლევის მიხედვით, იდენტიფიცირებულია დაახლოებით 96 ნიშანი, რომელთაგან 33 ლოგოგრამაა და ასახავს სხვადასხვა საგნებსა და საქონელს (42).

დამწერლობის ნიმუშები ძირითადად გვხვდება ბეჭდებსა და თიხის დაფებზე, რომლებიც აღწერენ ეკონომიკურ ტრანზაქციებსა და ინვენტარს (43).

ცნობილი არტეფაქტები

რამდენიმე მნიშვნელოვანი არტეფაქტი, რომელიც შეიცავს კრეტულ იეროგლიფებს, მოიცავს:

  • ფესტოსის დისკოს: იდუმალი თიხის დისკო სპირალური ნიმუშით, რომელიც შეიცავს სიმბოლოებს.
  • მალიის საკურთხევლის ქვას: ერთ-ერთი ყველაზე გრძელი წარწერა კრეტულ იეროგლიფებში.
  • ალკალოჰორის ცულს (Arkalochori Axe): სიმბოლოებით დატვირთული არტეფაქტი, რომელიც ხელს უწყობს კრეტული დამწერლობის გაგებას.
festosis disko

სურათი  11. ფესტოს დისკოს ასლი, წყარო: PhaistosDisk

მიმდინარე სტატუსი

მიუხედავად კრეტული იეროგლიფების ფართო შესწავლისა, ისინი გაუშიფრავი რჩება. მეცნიერები ცდილობენ ამ დამწერლობის შედარებას A ხაზოვანთან, B ხაზოვანთან და სხვა თანამედროვე სისტემებთან, მაგრამ „როზეტას ქვის“ მსგავსი ორენოვანი არტეფაქტის არარსებობამ გაართულა მისი გაშიფვრა. შედეგად, ამ სისტემის მრავალი ასპექტი დღემდე იდუმალებითაა მოცული (42; 43).

ამრიგად, კრეტული იეროგლიფები არის უძველესი დამწერლობის სისტემების მომხიბლავი კომპონენტი, რომელიც ასახავს მინოსური ცივილიზაციის სირთულესა და დახვეწილობას, მაგრამ მათი სტრუქტურისა და მნიშვნელობის შესახებ ბევრი რამ საიდუმლოდ რჩება.

1.6 A-ხაზოვანი დამწერლობა

A-ხაზოვანი (Linear A) დამწერლობა კრეტული იეროგლიფური სისტემის შემდეგი ეტაპია, რომელიც გამოიყენებოდა მინოსური კულტურის ხალხის მიერ ბრინჯაოს ხანაში, დაახლოებით ძვ. წ. 1850-1450 წლებში (7; 44). ეს არის მინოსურ ცივილიზაციასთან დაკავშირებული ორი ძირითადი დამწერლობიდან ერთ-ერთი, მეორე კი B-ხაზოვანი (Linear B), რომელიც მოგვიანებით შეიქმნა მიკენური ბერძნულის გამოსახატავად. A-ხაზოვანი დამწერლობა ძირითადად გაუშიფრავი რჩება, რაც მას არქეოლოგებისა და ლინგვისტების მუდმივი კვლევის საგნად აქცევს (44; 45).

knososis sasaxle

სურათი  12. მინოსის კულტურის უდიდესი ძეგლი – კნოსოსის სასახლე, კრეტა. წყარო (45)

A-ხაზოვანი დამწერლობის მახასიათებლები

  • სტრუქტურა: A-ხაზოვანი შედგება ნიშნებისგან, რომლებიც წარმოშობით იდეოგრამებზეა დაფუძნებული, თუმცა უშუალოდ არ ასახავს ობიექტების გამოსახულებებს. დამწერლობას ახასიათებს აბსტრაქტული სიმბოლოები, რომლებიც ხაზებისა და ფორმებისგან შედგება (47);
  • მიმართულება: ტექსტების უმეტესობა იკითხება მარცხნიდან მარჯვნივ, თუმცა ცნობილია შემთხვევები, როდესაც წაკითხვა მარჯვნიდან მარცხნივ ხდებოდა (48);
  • შინაარსი: წარწერების უმეტესობა სავარაუდოდ დაკავშირებულია ადმინისტრაციულ და სავაჭრო საქმიანობასთან, როგორიცაა საკვების, ქსოვილების და პირუტყვის აღრიცხვა. შესაძლოა ასევე შეიცავდეს პერსონალის შესახებ ინფორმაციას (47; 48).
a linear kretuli

სურათი  13. ფირფიტა A-ხაზოვანი წარწერით. ჰერაკლიონის არქეოლოგიური მუზეუმი, კრეტა, წყარო

კავშირი B-ხაზოვანთან

A-ხაზოვანი ითვლება B-ხაზოვანის წინამორბედად. B-ხაზოვანი მიკენელ ბერძნებს ეკუთვნით და მისი გაშიფვრა წარმატებით განხორციელდა. B-ხაზოვანის სიმბოლოების დაახლოებით 70% მსგავსია A-ხაზოვანის ნიშნებისა, რაც მიუთითებს ორ სისტემას შორის ძლიერ კავშირზე (47; 49). მიუხედავად ამისა, A-ხაზოვანი გამოხატავს წინაბერძნულ ენას, რომელიც ამოუცნობი რჩება, რაც მის გაშიფვრას დამატებით სირთულეებს უქმნის.

მიმდინარე კვლევა და გაშიფვრის ძალისხმევა

A-ხაზოვანის გაშიფვრის მცდელობა ჯერ კიდევ გრძელდება. მკვლევარები იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის “ძირითადი ნიშნების” იდენტიფიცირებას, რომლებიც საერთოა A-ხაზოვან და B-ხაზოვან დამწერლობებში. ასევე მიმდინარეობს მონაცემთა ბაზების შექმნა, რომელიც აერთიანებს სიმბოლოებსა და მათ პოტენციურ მნიშვნელობებს (44; 47) .

ითვლება, რომ A-ხაზოვანის ენობრივი სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბერძნულისგან, რაც დამატებით ართულებს გაშიფვრის პროცესს (48).

დასკვნა

A-ხაზოვანი დამწერლობა უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს მინოსური ცივილიზაციის და მისი გავლენის გასაგებად ეგეოსის რეგიონის შემდგომ კულტურებზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ენა და მნიშვნელობა ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება, კვლევები კვლავ გრძელდება, რაც მას არქეოლოგიისა და ლინგვისტიკის დარგებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

1.7 ხეთური ლურსმული დამწერლობა

ხეთური ლურსმული დამწერლობა გამოიყენებოდა ხეთური (ნესილური/ნეშური)  ენის გადმოსაცემად, რომელიც ანატოლიურ ენათა ოჯახი უძველესი ინდოევროპული ენაა. ამ ენაზე  საუბრობდნენ ანატოლიის ტერიტორიაზე (თანამედროვე თურქეთი) ​(50; 51)​. ხეთებმა ეს დამწერლობა ძველი ასურული ლურსმული დამწერლობიდან გადმოიღეს და თავიანთი ენობრივი საჭიროებების შესაბამისად მოარგეს ​(7; 49)​. 

xetebis samefo

სურათი 14. ხეთების სამეფო (მოწითალო ფერი) დაახ. ძვ. წ. 1300 წელს, ავტორი Dawid Deutschland

ისტორიული კონტექსტი

ხეთური ლურსმული დამწერლობა გაჩნდა ძვ. წ. XVII საუკუნეში და გამოიყენებოდა დაახლოებით ძვ. წ. XIII საუკუნემდე. ტექსტები უმეტესად თიხის ფირფიტებზეა შემორჩენილი, რომლებზეც ნიშნები ლერწმის სტილუსით იწერებოდა, რაც სოლის ფორმის შთაბეჭდილებებს ტოვებდა ​(52)​. ეს დამწერლობა ჩამოყალიბდა ასურული და ბაბილონური სისტემების გავლენით, განსაკუთრებით ხეთების მეფის ხათუსილი Iის სამხედრო ლაშქრობების დროს, როდესაც, სავარაუდოდ, მწიგნობრები ამ რეგიონებიდან ხეთების სახელმწიფოში მოხვდნენ ​(50; 52;)​. 

xeturi lursmnuli firfita

სურათი 15. ხეთური ლურსმული ფირფიტა, რომელზეც სავარაუდოდ რაიმე სახის იურიდიული ტექსტია ამოტვიფრული (შესაძლოა, საკუთრების ან სხვა სახის ხელშეკრულება). გამომწვარი თიხა. ხათუსა. გვიანი ბრინჯაოს ხანა (ძვ. წ. XIII ს.). (აღმოსავლეთის ინსტიტუტი), წყარო : ავტორი: Mx. Granger

დამწერლობის მახასიათებლები

  • ადაპტაცია: ხეთებმა ასურული ლურსმული დამწერლობიდან დაახლოებით 375 ნიშანი ისესხეს. ეს ნიშნები გამოიყენებოდა როგორც ლოგოგრამებად (სიტყვების სიმბოლოებად), ასევე სილაბოგრამებად (მარცვლოვან სიმბოლოებად) ​(52; 53)​. 
  • ნიშნების ინვენტარი: ხეთური ლურსმული დამწერლობა შედგებოდა 375 განსხვავებული ნიშნისგან, რომელთა ნაწილი იდეოგრამებად ფუნქციონირებდა, ხოლო დანარჩენი — სილაბოგრამებად ​(52; 53)​.
  • სისტემა: ტექსტები ძირითადად თიხის ფირფიტებზე იწერებოდა, რომლებიც შემდეგ წარწერების შესანარჩუნებლად გამოწვავდნენ  ​(52; 54;)​. 
  • მრავალენოვანი გამოყენება: ხეთური ლურსმული დამწერლობა გამოიყენებოდა არა მხოლოდ ხეთური ენისთვის, არამედ სხვა ანატოლიურ ენებისთვისაც, მათ შორის ლუვიური  და პალაური (Palaic) ენების  ჩასაწერად ​(52)​. 

სურათი 16. ხეთური სილაბური გლიფები

გამოყენება და გაშიფვრა

ხეთური ტექსტები მოიცავს ადმინისტრაციულ ჩანაწერებს, ხელშეკრულებებს და რელიგიურ რიტუალებს. მისი გაშიფვრა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მეცნიერებმა, როგორებიც არიან ბედრჟიხ ჰროზნი, იორგენ ალექსანდერ კნუდცონი და ჰუგო ვინკლერი. მათ ხეთური ენა ინდოევროპულ ენებთან დააკავშირეს (50; 55;).  

თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი, მათ შორის მორის ბლუმფილდი (Maurice Bloomfield), კარლ დარლინგ ბაკი (Carl Darling Buck)  და ჯონ დინელი პრინცი (John Dyneley Prince), ფიქრობდა, რომ ხეთური ენა შესაძლოა ავლენდეს ინდოევროპული ნიშნებს, მაგრამ ის არ მიეკუთვნება ამ ეტიოლოგიურ ჯგუფს (56; 57; 58).

1921 წელს ემილ ფორერმა (Emil Forrer)  წამოაყენა ჰიპოთეზა, რომელსაც მოგვიანებით ინდო-ხეთური (Indo-Hittite) უწოდეს. მისი თეორიის მიხედვით, ხეთური ენა პროტოინდოევროპულ ენას (Proto-Indo-European language) უფრო ადრე გამოეყო, ვიდრე ინდოევროპული ოჯახის სხვა ენები (59). 

აღსანიშნავია, რომ პროტოხეთური (ხათური)  ენა იყო უძველესი მკვიდრი მოსახლეობის – პროტოხეთების  – ენა, რომელიც გავრცელებული იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ანატოლიის ჩრდილოეთ რეგიონებში. ეს ენა არ მიეკუთვნებოდა არც ინდოევროპულ  და არც სემიტურ ენათა  ოჯახს (60).

ფორერის ნაშრომების საფუძველზე გამოვლინდა ხათური იეროგლიფური ენის გრამატიკული სტრუქტურა. პირველად ფორერმა (1919 წელს), შემდგომ კი რობერტ ბლეიხშტაინერმა (Robert Bleichsteiner)  (1923 წელს) და ჯონ კოლარუსომ (John Colarusso) წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ ენა, მისი პრეფიქსაციისა და სტრუქტურული მახასიათებლების გამო, ახლოა კავკასიურ ენებთან, კერძოდ აფხაზურ-ადიღეურ და ქართველურ ენებთან (61; 62; 63; 64).

ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს, როდესაც ინდოევროპულ ხეთურ-ლუვიურ ენებზე მოლაპარაკე ტომები მცირე აზიაში ჩამოსახლდნენ, ხათური ენა  თანდათან ახალი ტომების ენებმა, როგორიცაა ხეთური და პალაური, შეცვალა. მიუხედავად ამისა, ხათურმა, როგორც სუბსტრატულმა ენამ, ამ ენებზე ძლიერი გავლენა მოახდინა ​(65)​. 

ისტორიული მნიშვნელობა

ხეთური ლურსმული დამწერლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს დამწერლობის სისტემების ისტორიაში. მისი ადაპტაცია ასახავს ძველი ცივილიზაციების უნარს, მოარგონ არსებული სისტემები თავიანთ კულტურულ და ენობრივ მოთხოვნებს. მისი შესწავლა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ ხეთების ცივილიზაციის ევოლუცია და მათი წვლილი წერილობითი კომუნიკაციის განვითარების ისტორიაში.

ვიდეო: ხეთური ენის ჟღერადობა (რიცხვები, სიტყვები და ტ

1.8 B-ხაზოვანი დამწერლობა

B-ხაზოვანი დამწერლობის ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ნიმუშები თარიღდება ძვ. წ. 1600 წლით. ეს სისტემა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ კრეტულ-მიკენურ დამწერლობად, წარმოადგენს A-ხაზოვანი დამწერლობის ადაპტაციას. იგი გამოიყენებოდა მიკენელი ბერძნების მიერ და არის ბერძნული ენის ყველაზე ადრეული დადასტურებული ფორმა. B-ხაზოვანი დამწერლობა გვიან ბრინჯაოს ხანაში, დაახლოებით ძვ. წ. 1450-1200 წლებში, იყო აქტიური (44; 45).

მახასიათებლები

  • სილაბური ბუნება: B-ხაზოვანი დამწერლობა სილაბურია და შედგება დაახლოებით 87 სილაბური ნიშნისა და 100-ზე მეტი იდეოგრამისგან. თითოეული სიმბოლო ჩვეულებრივ სილას (ბგერის ერთობლიობას) აღნიშნავს და არა ინდივიდუალურ ფონემას, რაც მას განასხვავებს ანბანური სისტემებისგან (44; 45);
  • პიქტოგრაფიული ელემენტები: სისტემა მოიცავდა პიქტოგრაფებს, რომლებიც დროთა განმავლობაში სილაბურ ნიშნებად ადაპტირდნენ. ეს პიქტოგრაფები ასახავდნენ კონკრეტულ ობიექტებს ან ცნებებს (66);
  • გამოყენება: B-ხაზოვანი დამწერლობა ძირითადად გამოიყენებოდა ადმინისტრაციული მიზნებისთვის, განსაკუთრებით მიკენური სასახლეების ცენტრებში აღრიცხვისა და ინვენტარის მენეჯმენტის პროცესებში.

სურათი  17. ა) ფირფიტა B-ხაზოვანი დამწერლობით შესრულებული წარწერით, ჰერაკლიონის არქეოლოგიური მუზეუმი: ავტორი Christian Vandendorpe; ბ) კნოსოსში აღმოჩენილი ერთ-ერთი ხაზოვანი B ტაბლეტი, რომელიც აღრიცხავს, ​​როგორც ჩანს, სხვადასხვა ღვთაებისთვის შეთავაზებული ზეთის რაოდენობას.  წყარო ავტორი vintagedept

გაშიფვრა

B-ხაზოვანი დამწერლობის გაშიფვრა მხოლოდ 1952 წელს მოხერხდა მაიკლ ვენტრისის (Michael Ventris) მიერ, რომელსაც ჯონ ჩედვიკი (John Chadwick) დაეხმარა. მათ დაადასტურეს, რომ ეს სისტემა ბერძნული ენის უძველეს ფორმას ასახავდა.

ისტორიული მნიშვნელობა

B-ხაზოვანი დამწერლობა მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ევროპაში წერილობითი ენის ევოლუციაში. ეს სისტემა არა მხოლოდ ადრეული ბერძნული ცივილიზაციის შესწავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, არამედ გადამწყვეტი როლი აქვს წერილობითი ენის განვითარების უკეთ გაგებაში.

1.9 ლუვიური დამწერლობა

ლუვიური, ასევე ცნობილი როგორც ლუვიური ან ლუიშური, წარმოადგენს უძველეს ენას, რომელიც მიეკუთვნება ინდოევროპული ენების ოჯახის ანატოლიის განშტოებას. მასზე ძირითადად ლაპარაკობდნენ ცენტრალურ და დასავლეთ ანატოლიაში (თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე) და ჩრდილოეთ სირიაში, დაახლოებით ძვ. წ. 600 წლამდე. ლუვიური შემონახულია ორი განსხვავებული ფორმით: ლურსმული ლუვიური და იეროგლიფური ლუვიურ  (67; 68; 69)

luvia map green

სურათი 18. ანატოლიური ენების გავრცელება: რუკა ასახავს ლუვიური ენის გავრცელების არეალს ძვ. წ. II ათასწლეულიდან ძვ. წ. I ათასწლეულამდე (მწვანე ფერი). რუკა შედგენილია ავტორის მიერ ორი ძირითადი წყაროს საფუძველზე: წყარო 1, წყარო 2

ისტორიული კონტექსტი

ლუვიური მჭიდროდ უკავშირდება ხეთურს, სხვა ანატოლიურ ენას, და მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ხეთურ ლექსიკაზე, განსაკუთრებით ხეთების ახალი იმპერიის პერიოდში (ძვ. წ. 1400–1190). ეს გავლენა აშკარად ჩანს რიტუალებსა და შელოცვებში, სადაც ლუვიური სიტყვები ინტეგრირებული იყო  ხეთურ ტექსტებში (67; 68; 69) .  

ლუვიური იეროგლიფური დამწერლობის  პირველი მტკიცებულებები თარიღდება ძველი ხეთების პერიოდით (ძვ. წ. 1650–1580), თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტები გაჩნდა ახალი იმპერიის დროს. ისინი ხშირად აღწერენ სამხედრო გამარჯვებებს და სამშენებლო პროექტებს (67; 69).

ლუვიური დამწერლობის წარმოშობა ბოლომდე უცნობია. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა დაკავშირებული იყოს კრეტულ იეროგლიფებთან, თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ ეს დამოუკიდებლად შექმნილი სისტემა იყო (7; 69).

დამწერლობის სისტემები და წარწერები

  • ლურსმული ლუვიური: ადაპტირებული იყო მესოპოტამიური ლურსმული დამწერლობასთან და გამოიყენებოდა ადმინისტრაციულ და ლიტერატურულ ტექსტებში. წარწერები მოიცავს რიტუალებსა და შელოცვებს, რომლებიც ხეთების დედაქალაქ ხათუსაშია აღმოჩენილი (67; 69);
  • იეროგლიფური ლუვიური: გამოიყენებოდა მონუმენტურ წარწერებში ძვ. წ. 1300-600 წლებში. ის შედგება იდეოგრაფიული და ფონეტიკური ნიშნებისგან. განსხვავებით ეგვიპტური იეროგლიფებისგან, ითვლება, რომ ეს დამწერლობა ანატოლიაში წარმოიშვა (67; 69).

სურათი 19. ლუვიური იეროგლიფური წარწერების ფილა: ა) ფილა, რომელიც მოგვითხრობს მეფე ურჰილინასა და მისი ვაჟის საქმიანობის შესახებ (ჰამადანი, ძვ.წ. IX ს., ძველი აღმოსავლეთის მუზეუმი) წყარო,  ფოტო: Osama Shukir Muhammed Amin FRCP(Glasg) ; ბ) იეროგლიფური ტექსტი (ანკარა, თურქეთი) წყარო.

ენობრივი მახასიათებლები

ლუვიური ენა ავლენს რამდენიმე ფონოლოგიურ ნიშანს, როგორიცაა როტაციზმი, რაც იწვევს ბგერების d, l და n გარდაქმნას r-ად. მაგალითები:

  • īdi („ის იღებს“) → īri
  • vala- („მოკვდი“) → vara- (70; 71).

ლურსმული და იეროგლიფური ლუვიური დამწერლობების კავშირი მეცნიერული დებატების საგანია. ზოგიერთი მკვლევარი, მსგავსების გამო, მათ ერთი ენის დიალექტებად მიიჩნევს, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ეს განსხვავებული ენებია, რაც მათ დამწერლობასა და ფონეტიკურ მახასიათებლებში ვლინდება (67; 70).

გაშიფვრა და კვლევა

ლუვიური იეროგლიფური წარწერები პირველად მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს და თავდაპირველად მიიჩნიეს, ხეთური დამწერლობის ნაირსახეობად. 1946 წელს კარატეპეში (Karatepe) — დღევანდელი თურქეთის ტერიტორიის სამხრეთით, ოსმანიეს პროვინციაში — გვიანდელი ხეთების ციხესიმაგრის ნანგრევებში აღმოჩენილი ორენოვანი ტექსტი (ლუვიურ და ფინიკიურ ენებზე) გახდა გადამწყვეტი მისი გაშიფვრისთვის. ამ აღმოჩენამ დაამტკიცა, რომ იეროგლიფური და ლურსმული ლუვიური ერთი ენის დიალექტებია (7; 69).

ლუვიური ენა მნიშვნელოვანი კომპონენტია ანატოლიის ენობრივი ისტორიისა და მისი მეზობელ კულტურებთან ურთიერთობის გაგებისთვის. მისი შესწავლით გრძელდება ახალი მონაცემების აღმოჩენა, რაც უფრო ნათელს ხდის ლუვიური დამწერლობის სტრუქტურას, გამოყენებას და მის გავლენას ძველი სამყაროს კულტურებზე.

პირველი ნაწილის შეჯამება

ამრიგად, უძველესი წერითი სისტემების განხილვამ — შუმერული ლურსმულიდან ლუვიურ იეროგლიფებამდე — ცხადყო, რომ დამწერლობა არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის პრაქტიკული საშუალებაა, არამედ ცივილიზაციათა განვითარების, ცოდნის გადაცემისა და იდენტობის ფორმირების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. ამ პროცესში კავკასიის რეგიონმა, როგორც ძველი სავაჭრო მარშრუტებისა და იდეათა გაცვლის კვანძმა, გადამწყვეტი როლი ითამაშა, რაც ხელს უწყობდა სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის დამწერლობის გავრცელებას. სწორედ ამ მემკვიდრეობის სიღრმე და უნიკალურობა წარმოადგენს სტატიის შემდეგი ნაწილების კვლევის საგანი.  მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილებულია კავკასიის, როგორც თანამედროვე ადამიანის ადრეული გენეზისის ცენტრის როლზე, სადაც უახლესი არქეოგენეტიკური და არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე განვიხილავთ რეგიონის მნიშვნელობას ადრეული ცივილიზაციების ფორმირების კონტექსტში. და ბოლოს, მესამე ნაწილში დეტალურად განვიხილავთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ არტეფაქტებს, მათ შორის გრაკლიანის გორისა და ბაშპლემის ტბის წარწერებს, რომლებიც ნათლად ასახავს ადგილობრივი წერითი ტრადიციების არსებობას და კავკასიას მსოფლიო წერითი კულტურის ისტორიის გზაჯვარედინში განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს.

ლიტერატურა

1. გ.ნებიერიძე. ენათმეცნიერების შესავალი. თბილისი : გამომცემლობა “ნეკერი”, 2003. გვ. 315. I58M 99928-58-78-8.

2. გ.ახვლედიანი, [რედ.]. ენათმეცნიერების შესავლის საკითხები. თბილისი : თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1972. გვ. 360.

3. თ.გამყრელიძე, ზ.კიკნაძე, ი.შადური, ნ.შენგელაია. თეორიული ენათმეცნიერების კურსი. თბილისი : თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008. გვ. 795. ISBN 978-9941-13-019-9.

4. რ.ასათიანი. ენათმეცნიერების შესავალი III ლექცია. [ინტერნეტი]

5. Simon & Simon International. Global Language Statistics: By Country [2024]. [ინტერნეტი] https://www.simonandsimon.co.uk/blog/global-language-statistics-by-country.

6. [ინტერნეტი] https://www.scientificamerican.com/article/whats-the-worlds-oldest-language1/.

7. 10 Oldest Written Languages in The World. [ინტერნეტი] https://www.oldest.org/culture/written-languages/.

8. Archaeology Magazine. [ინტერნეტი] https://archaeology.org/collection/the-worlds-oldest-writing/.

9. agenda. [ინტერნეტი] 2015 წლის 20 August. https://web.archive.org/web/20180628204906/http:/agenda.ge/news/41074/eng.

10. Burton, Tara Isabella. Ancient Script Spurs Rethinking of Historic ‘Backwater’. [ინტერნეტი] 2015 წლის 16 September. .

11. Silver, Eliana. Archaeology breakthrough as scientists discover stone tablet in Georgia with ‘ancient lost language’ NEVER seen before. Gbnews. [ინტერნეტი] 2024 წლის 04 12.

12. საქართველოში აღმოჩენილი დაბლაგომის დოქის წარწერისა და ჯუმითის ქვის უძველესი ხაზოვანი ნიშნის გაშიფრვის შესახებ. კვაშილავა, გია. თბილისი : ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017 წლის ივლისი-აგვისტო , ქართველოლოგია.

13. Zamazalová, Silvie. The Sumerian language. oracc.museum.upenn.edu. [ინტერნეტი] http://oracc.museum.upenn.edu/nimrud/ancientkalhu/thewritings/sumerian/.

14. Sumerian. [ინტერნეტი] https://www.omniglot.com/writing/sumerian.htm.

15. Olson, David R. Sumerian writing. [ინტერნეტი] https://www.britannica.com/topic/writing/Sumerian-writing.

16. ღამბაშიძე, მ. დამწერლობის წარმოშობის ისტორია ნახატებიდან ნახატებამდე. ჩემი სამყარო. 2015 წლის, ხმა 9.

17. ლურსმული დამწერლობა. [ინტერნეტი] ვიკიპედია.

18. Moser, Jason. Sumerian Language. [ინტერნეტი] https://www.worldhistory.org/Sumerian_Language/.

19. How to write cuneiform. [ინტერნეტი] 2021 წლის 21 January . https://www.britishmuseum.org/blog/how-write-cuneiform.

20. Sumerian language. [ინტერნეტი] Wikipedia. https://en.wikipedia.org/wiki/Sumerian_language.

21. The Fertile Crescent: Mesopotamia, Ur, and Sumer. [ინტერნეტი] https://guesthollow.com/whirlwind-world-history-online-textbook/the-fertile-crescent-mesopotamia/.

22. Sumer. [ინტერნეტი] https://www.history.com/topics/ancient-middle-east/sumer.

23. Faber, Robert. What is the oldest known language? [ინტერნეტი] 2023 წლის 31 July. https://vasco-translator.com/articles/languages/oldest-known-language/.

24. Egyptian hieroglyphs. [ინტერნეტი] .

25. Egyptian Hieroglyphs. [ინტერნეტი] https://www.worldhistory.org/Egyptian_Hieroglyphs/.

26. Britannica, Encyclopaedia. hieroglyph writing character. [ინტერნეტი] https://www.britannica.com/topic/hieroglyph.

27. Ancient Egyptian Hieroglyphic Writing. [ინტერნეტი] https://discoveringegypt.com/egyptian-hieroglyphic-writing/egyptian-hieroglyphic-alphabet/.

28. What does ancient Egyptian writing look like? [ინტერნეტი] https://www.bbc.co.uk/bitesize/articles/zp4mm39#z3gdwnb.

29. Akkadian Cuneiform – (2350 B.C. – 100 A.D. ca.). [ინტერნეტი] https://mnamon.sns.it/index.php?page=Scrittura&id=39&lang=en#indice_dei_contenuti.

30. Serrant, Aisling. The World’s Five Oldest Written Languages. [ინტერნეტი] https://digventures.com/2013/10/friday-five-five-oldest-written-languages/.

31. Akkadian . omniglot.com. [ინტერნეტი] https://www.omniglot.com/writing/akkadian.htm.

32. Akkadian language. [ინტერნეტი] Wikipedia. https://en.wikipedia.org/wiki/Akkadian_language.

33. Cuneiform. [ინტერნეტი] Wikipedia. https://en.wikipedia.org/wiki/Cuneiform.

34. The Adaption of Akkadian into Cuneiform. Pearce, Kristin M. 1/2, s.l. : Colonial Academic Alliance, 2010 წლის, ხმა 1.

35. Elamite scripts and language. [ინტერნეტი] https://www.omniglot.com/writing/elamite.htm.

36. ელამური ენა. [ინტერნეტი] Wikipedia.

37. Gorris, Elynn. Chapter 16 – Elamite Names, from Part II – Non-Babylonian Names. Personal Names in Cuneiform Texts from Babylonia (c. 750–100 BCE). s.l. : Cambridge University Press, 2024.

38. CUNEIFORM SCRIPT. [ინტერნეტი] https://www.iranicaonline.org/articles/cuneiform-script.

39. კრეტული დამწერლობა. [ინტერნეტი] Wikipedia.

40. Get to Know Cretan Hieroglyphs. [ინტერნეტი] greekboston. https://www.greekboston.com/culture/ancient-history/cretan-hieroglyphs/.

41. Cretan hieroglyphs. [ინტერნეტი] Wikipedia. https://en.wikipedia.org/wiki/Cretan_hieroglyphs.

42. Cretan Hieroglyphic – 18th-17th century BC. [ინტერნეტი] Mnamon. https://mnamon.sns.it/index.php?id=35&lang=en&page=Scrittura#indice_dei_contenuti.

43. Cretan Hieroglyphs Numerals: A Brief Information. Acharya, Eka Ratna. 1, s.l. : Journal of Social Sciences, 2018 წლის, ხმა 4.

44. Claus, Patricia. Minoan Language Linear A Linked to Linear B in Groundbreaking Research. [ინტერნეტი] 2023 წლის 20 August. .

45. Linear A and Linear B. [ინტერნეტი] Britannica. https://www.britannica.com/topic/Linear-A.

46. Knossos Palace. [ინტერნეტი] https://www.destinationcrete.gr/archaeological-sites-crete/knossos-palace/.

47. Cartwright, Mark. Linear A Script. [ინტერნეტი] 2023 წლის 3 August . https://www.worldhistory.org/Linear_A_Script/.

48. Linear A. [ინტერნეტი] https://www.ime.gr/chronos/02/crete/en/achievments/linear_a.html.

49. LINEAR A – LINEAR B. SIKKENGA, Thomas G. PALAIMA and Elizabeth.

50. Hittite . [ინტერნეტი] omniglot. https://www.omniglot.com/writing/hittite.htm.

51. Hittite language. [ინტერნეტი] Britannica. https://www.britannica.com/topic/Hittite-language.

52. Hittite cuneiform. [ინტერნეტი] Wikipedia. https://en.wikipedia.org/wiki/Hittite_cuneiform.

53. Hittite cuneiform. [ინტერნეტი] ddescholar. https://ddescholar.acemap.info/field/2031916868.

54. Hittite Cuneiform Tablet. [ინტერნეტი] Explore Ancient Anatolia. https://ancient-anatolia.blogspot.com/2010/02/hittite-cuneiform-tablet.html.

55. Cuneiform Hittite – 1570 B.C. – 1200 B.C. (ca.). [ინტერნეტი] https://mnamon.sns.it/index.php?page=Scrittura&id=16&lang=en#indice_dei_contenuti.

56. The Hittite Language. Bloomfield, Maurice. 1921 წლის, Journal of the American Oriental Society, ხმა 41.

57. Hittite an Indo-European Language? Buck, Carl D. 2, 1920 წლის Aprel, Classical Philology, ხმა 15, გვ. 9.

58. Possible Non-Indo-European Elements in ‘Hittite’. Prince, J. Dyneley. 1921 წლის, Journal of the American Oriental Society, ხმა 41 , გვ. 15 .

59. Хеттский язык. Wikipedia.

60. ქართველური ტომები – ხათები. [ინტერნეტი] http://saunje.ge/index.php?id=1430.

61. Hattic language. Wikipedia. https://en.wikipedia.org/wiki/Hattic_language#cite_note-8.

62. Kassian, Alexei S . Hattic as a Sino-Caucasian language. s.l. : Ugarit-Verlag Münster, 2010.

63. Northwest Caucasian Languages and Hattic. Applebaum, Ayla Bozkurt. 11, 2020 წლის November, Journal of Caucasian Studies, ხმა 6 .

64. Б.Б Пиотровский, В.Иванов, В.Ардзимба. Древняя Анатолия. s.l. : Наука, 1985.

65. ხათური ენა. Wikipedia.

66. Linear B. Wikipedia. https://en.wikipedia.org/wiki/Linear_B.

67. Melchert, H. Craig. Luwian language. [ინტერნეტი] Britannica. https://www.britannica.com/topic/Luwian-language.

68. The Luwian Language. Yakubovich, Ilya.

69. Luwian . omniglot. https://www.omniglot.com/writing/luwian.htm.

70. Luwian language. Wikipedia. https://en.wikipedia.org/wiki/Luwian_language#Hieroglyphic_Luwian.

71. Yakubovich, Ilya. The Luwian Language. https://academic.oup.com/edited-volume/42051/chapter/355821079.

No comments on შუმერული ლურსმულიდან გრაკლიანის წარწერამდე: კავკასია როგორც უძველესი წერითი კულტურის გზაჯვარედინი

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *