დაავადების მოლეკულური რუკა: როგორ ცვლის ახალი ტექნოლოგიები დაავადების კვლევას

ავტორი: ჯ. მარხულია (J. Markhulia)

აბსტრაქტი

სამი ახალი კვლევა გვიჩვენებს, როგორ ცვლის მაღალი გარჩევადობის მოლეკულური და უჯრედული რუკები დაავადებების შესწავლის მიდგომებს. CRISPRa პლატფორმამ გამოავლინა გენები, რომლებიც ლიმფომის ზრდასა და ვენეტოკლაქსის მიმართ რეზისტენტობაში მონაწილეობენ; CAR-T კვლევამ აჩვენა, რომ აგრესიულ სიმსივნეში დაკარგული სამიზნის დროებით აღდგენამ შეიძლება იმუნოთერაპიის ეფექტურობა გაზარდოს; ხოლო თითქმის ერთმა მილიონმა უჯრედმა ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მოლეკულური არქიტექტურის უფრო დეტალური სურათი შექმნა. კვლევები ჯერ არ წარმოადგენს საბოლოო კლინიკურ პასუხებს, მაგრამ ისინი აჩვენებს, როგორ გადადის თანამედროვე ბიომედიცინა ცალკეული სამიზნეების შესწავლიდან რთული ბიოლოგიური სისტემების რუკების შექმნის მექანიზმებზე.


შესავალი — როდესაც დაავადება რუკად იქცევა

როგორ ვუმკურნალოთ იმას, რის სრულ სურათსაც ვერ ვხედავთ? თანამედროვე ბიომედიცინა პასუხს სწორედ ამ კითხვაზე ეძებს. დაავადებების შესწავლა დღეს უკვე სცდება ერთი გენის ან უჯრედის დონეს. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, მკვლევრებს აქვთ უნიკალური შანსი, ერთდროულად მილიონობით უჯრედისა და ათასობით გენეტიკური ცვლილების დინამიკას ადევნონ თვალი. ეს ქმნის დაავადების სრულყოფილ მოლეკულურ რუკას1 — რაც გადამწყვეტია, რადგან პათოლოგიები ხშირად კომპლექსურ და მცოცავ მექანიზმებს ეფუძნება.

ცნობილია, რომ სიმსივნურმა უჯრედებმა შეიძლება განიცადოს ცვლილება და გახდეს წამლისადმი მედეგი; გარად ამისა სიმსივნემ შეიძლება დაკარგოს ის სპეციფიკური მოლეკულა, რომელსაც იმუნური უჯრედი ამოიცნობს; ასევე გულის დაავადების დროს სხვადასხვა ტიპის უჯრედში მიმდინარე ცვლილებები დაავადების სხვადასხვა ეტაპზე ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდეს.

2026 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული სამი დამოუკიდებელი კვლევა სწორედ ასეთი განსხვავებული სისტემების რუკის შედგენას ეხება. პირველი CRISPR2-ის აქტივაციის ახალი პლატფორმით ეძებს გენებს, რომლებიც ლიმფომის ზრდასა და წამლის მიმართ რეზისტენტობას უწყობს ხელს [1]. მეორე ცდილობს აგრესიულ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებს დაკარგული მოლეკულური სამიზნე დროებით დაუბრუნოს, რათა CAR-T3 უჯრედებმა მათი ამოცნობა შეძლონ [2]. მესამე კი თითქმის ერთი მილიონი გულის უჯრედის მოლეკულურ პროფილს აანალიზებს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის სხვადასხვა ფორმისა და სტადიის შესადარებლად [3].

ეს კვლევები არ წარმოადგენს ერთმანეთის გაგრძელებას და მათ შორის პირდაპირი ბიოლოგიური კავშირი არ არის ნაჩვენები. მათი საერთო მნიშვნელობა უფრო ფართო იდეაში მდგომარეობს: რაც უფრო დეტალურად შეგვიძლია დაავადების მოლეკულური და უჯრედული არქიტექტურის დანახვა, მით მეტი შესაძლებლობა ჩნდება იმ მექანიზმების საპოვნელად, რომელთა შეცვლაც დაავადების მიმდინარეობაზე შეიძლება მოქმედებდეს.



1. CRISPRa: როგორ ვიპოვოთ გენები, რომლებიც კიბოს წამლისგან იცავს?

კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მკურნალობის მიმართ რეზისტენტობაა. პრეპარატი თავდაპირველად შეიძლება ეფექტური იყოს, მაგრამ სიმსივნური უჯრედების გარკვეულმა ნაწილმა გადარჩენის ალტერნატიული მექანიზმი იპოვოს. ამის გასარკვევად მკვლევრებს სჭირდებათ პასუხი კითხვაზე: რომელი გენების აქტივაცია აძლევს სიმსივნურ უჯრედს გადარჩენის უპირატესობას?

ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში Olivia Newton-John Cancer Research Institute-ის, WEHI-სა და Genentech-ის მკვლევრებმა (პროფ. Marco Herold ხელმძღვანელობით) გამოიყენეს CRISPR-აქტივაციის4 ახალი პლატფორმა — Partita. იგი წარმოადგენს გენეტიკურ ბიბლიოთეკას, რომელიც თაგვის გენომში არსებული გენების სათითაოდ გააქტიურების საშუალებას იძლევა როგორც უჯრედულ, ისე ცოცხალ მოდელებში. პლატფორმა თითოეულ ტრანსკრიფციის საწყის წერტილს 10 სახელმძღვანელო RNA-ით მიზანში იღებს — სწორედ ამ სიმჭიდროვეს უკავშირდება მისი ეფექტურობა. კვლევა გამოქვეყნდა Science Advances–ში.

💡 კონტექსტისთვის: CRISPR ყოველთვის გენის „წაშლას" არ ნიშნავს

CRISPR ტექნოლოგიის ყველაზე ცნობილი გამოყენება კონკრეტული გენეტიკური თანმიმდევრობის შეცვლა ან გენის ფუნქციის დაკარგვის შესწავლაა. მაგრამ CRISPR-ის მოდიფიცირებული მიდგომები საპირისპირო კითხვასაც სვამს: რა მოხდება, თუ კონკრეტული გენი უფრო აქტიური გახდება?
სწორედ ეს არის CRISPRa-ს — CRISPR activation-ის — ძირითადი იდეა. აქ გამოიყენება
Cas9-ის ფერმენტული აქტივობის გარეშე დარჩენილი ვარიანტი (dCas9), რომელსაც აქტივაციის დომენი აქვს მიერთებული. შედეგად სისტემა DNA-ს თანმიმდევრობას არ ცვლის — ის უბრალოდ სამიზნე გენის პრომოტორზე ჯდება და მისი ექსპრესიის გაზრდას იწვევს.
ეს განსხვავებული ექსპერიმენტული პერსპექტივაა: თუ
loss-of-function5 მიდგომა გვეუბნება, რა ხდება გენის ფუნქციის დაკარგვისას, CRISPRa გვაძლევს საშუალებას შევისწავლოთ ზედმეტი ან პათოლოგიურად გაზრდილი გენური აქტივობის შედეგები.

Irx5 — რეზისტენტობის ერთ-ერთი კვანძი

მკვლევრებმა ე.წ. „ორმაგი დარტყმის” (double-hit) ლიმფომის მოდელში მთელი გენომის მასშტაბის სკრინინგი ჩაატარეს რამდენიმე პროაპოპტოზური პრეპარატის — ვენეტოკლაქსის (venetoclax), nutlin-3a-სა და ეტოპოზიდის — მიმართ. ყველაზე თვალსაჩინო შედეგი Irx5 გენს უკავშირდებოდა: მისმა გააქტიურებამ ლიმფომის უჯრედებს ვენეტოკლაქსის ზემოქმედების პირობებში გადარჩენის საშუალება მისცა.

ძირითადი არსის გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ, როგორ მუშაობს თავად პრეპარატი. ვენეტოკლაქსი BCL2-ის ინჰიბიტორია — ის ბლოკავს ცილას, რომელიც უჯრედს აპოპტოზისგან (პროგრამირებული სიკვდილისგან) იცავს. BCL2-ის გამორთვისას უჯრედი თვითგანადგურების გზას ადგება. მაგრამ BCL2 ამ ოჯახში მარტო არ არის.

კვლევამ აჩვენა, რომ Irx5-ის გააქტიურებისას უჯრედებში იზრდებოდა BCL-XL-ის (გენი Bcl2l1) დონე, რომელიც ამავე ოჯახის კიდევ ერთ ანტიაპოპტოზური (გადარჩენის) ცილას წარმოადგენს.

ანუ BCL2-ის გამორთვას უჯრედი სხვა ცილის მარაგის გაზრდით პასუხობდა. ამ ინტერპრეტაციის ყველაზე პირდაპირი დადასტურება ის იყო, რომ BCL-XL-ის ინჰიბირებისას (პრეპარატი A-1331852) იგივე უჯრედები ვენეტოკლაქსის მიმართ კვლავ მგრძნობიარე ხდებოდა. მექანიზმი სავარაუდოდ NF-κB სიგნალიზაციას უკავშირდება, რომელიც Irx5-ის ზემოქმედებით აქტიურდება და, თავის მხრივ, BCL-XL-ის ექსპრესიას ზრდის.

ცალკე, ცოცხალ თაგვებში ჩატარებულმა სკრინინგმა გამოავლინა სამი გენი — Runx2, Runx3 და Csf1r — რომელთა გააქტიურება MYC-დამოკიდებული ლიმფომის ზრდას აჩქარებდა.

💡 საინტერესო ფაქტი

ერთი და იგივე პლატფორმა აქ ორ განსხვავებულ პრობლემას ეხება: რომელი გენები აჩქარებს სიმსივნის ზრდას და რომელი ეხმარება მას მკურნალობის გადატანაში? ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან სიმსივნის ზრდისა და წამლის მიმართ რეზისტენტობის მექანიზმები ყოველთვის ერთი და იგივე არ არის.
ამ კვლევის მთავარი ღირებულება ამიტომ მხოლოდ ახალი გენის აღმოჩენა არ არის. Partita-ს მსგავსი მაღალი სიმჭიდროვის CRISPRa პლატფორმები ქმნის შესაძლებლობას, რომ მკვლევრებმა გენური რეგულაციის უფრო ფართო სივრცე სისტემურად გამოიკვლიონ.
აქვე მნიშვნელოვანი დათქმა: კვლევა თაგვის მოდელებზეა ჩატარებული და აღმოჩენილი გენები ავტომატურად არ წარმოადგენს კლინიკურ სამიზნეებს. ადამიანის უჯრედებში ამ მექანიზმების დადასტურება და მათი თერაპიული მნიშვნელობის შეფასება ცალკე სამუშაოა.

2. როდესაც სიმსივნე იმალება: შეიძლება თუ არა დაკარგული სამიზნის დაბრუნება?

CAR-T თერაპიის იდეა ერთი შეხედვით მარტივია: პაციენტის T-ლიმფოციტებს გენეტიკურად ცვლიან ისე, რომ მათ კონკრეტული მოლეკულური სამიზნის მქონე კიბოს უჯრედების ამოცნობა და განადგურება შეძლონ. მიდგომამ სისხლის ზოგიერთი კიბოს მკურნალობა მნიშვნელოვნად შეცვალა, მაგრამ სოლიდურ სიმსივნეებში მისი შედეგები გაცილებით უფრო მოკრძალებულია.

ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ სოლიდურმა სიმსივნემ შეიძლება თავად დაკარგოს ან შეამციროს ის სამიზნე, რომელსაც CAR-T უჯრედი უნდა ამოიცნობდეს. ამ შემთხვევაში პრობლემა არა T-უჯრედის სისუსტე, არამედ მისი სამიზნის გაქრობაა.

Mayo Clinic-ის მკვლევრებმა (უფროსი ავტორები — Saad Kenderian და John Copland III) ამ პრობლემის გადაჭრა სხვა მიმართულებით სცადეს. მათი კვლევა, გამოქვეყნებული Molecular Cancer-ში, ფოკუსირებული იყო TSHR–6ზე (thyroid-stimulating hormone receptor) — თირეოტროპინის რეცეპტორზე, რომელიც ძირითადად ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებზე გვხვდება და სწორედ ამიტომ არის მიმზიდველი სამიზნე: ჯანმრთელ ქსოვილებზე მისი ექსპრესია მინიმალურია.

TSHR-ზე მიმართული CAR-T უჯრედები ეფექტური აღმოჩნდა დიფერენცირებული ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების წინააღმდეგ, სადაც ამ რეცეპტორის ექსპრესია მაღალია. თუმცა ანაპლასტიკური ფარისებრი ჯირკვლის კიბო — დაავადების განსაკუთრებით აგრესიული ფორმა — ხშირად ხასიათდება TSHR-ის დაბალი ან პრაქტიკულად არარსებული ექსპრესიით. აქ მკვლევრებმა საინტერესო ნაბიჯი გადადგეს: სცადეს არა CAR-T უჯრედის კიდევ უფრო მეტად მოდიფიცირება, არამედ თვითონ სიმსივნური უჯრედის შეცვლა.

დაკარგული სამიზნის დაბრუნება

TSHR-ის დაკარგვა სიმსივნის დედიფერენცირებას უკავშირდება, რომელსაც, თავის მხრივ, MAPK სიგნალიზაციის ჭარბი აქტივობა განაპირობებს. აქედან გამომდინარეობს კვლევის ლოგიკა: თუ ამ გზას დავბლოკავთ, უჯრედმა შესაძლოა დაკარგული თვისებები ნაწილობრივ დაიბრუნოს — ამ პროცესს რედიფერენცირება7 ჰქვია.

მკვლევრებმა გამოიყენეს MAPK სიგნალიზაციის ინჰიბიტორები — trametinib და dabrafenib — რომლებიც უკვე დამტკიცებულია მეტასტაზური ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ. პაციენტისგან მიღებულ ანაპლასტიკური კიბოს ქსენოტრანსპლანტატებში (PDX მოდელები8) ამ მიდგომამ TSHR-ის ექსპრესია გაზარდა და სიმსივნეები CAR-რეზისტენტულიდან CAR-მგრძნობიარეებად აქცია. ორი მიდგომის გაერთიანებამ სიმსივნის კონტროლი და გადარჩენა უკეთესი გახადა, ვიდრე თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

კვლევის ერთ-ერთი ცენტრალური დასკვნა უჯრედის ზედაპირზე ანტიგენის სიმკვრივეს 9ეხება: CAR-T უჯრედების ეფექტურობა არა იმდენად სამიზნის არსებობა-არარსებობაზე, არამედ მის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ამიტომ სუსტი სამიზნის „გაძლიერებაც” კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს.

ორი დამატებითი დეტალი, რომელიც მიდგომის პრაქტიკულობას ეხება: MAPK ინჰიბიტორები არ აზიანებდა თავად CAR-T უჯრედების გამრავლებისა და მოქმედების უნარს — ეს არ იყო თავისთავად ცხადი, რადგან MAPK გზა იმუნურ უჯრედებშიც მუშაობს. და მეორე: პრეპარატების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ TSHR-ის ექსპრესია კვლავ მცირდებოდა, თუმცა ერთობლივი მკურნალობის ორკვირიანი ფანჯარა პრეკლინიკურ მოდელებში საკმარისი აღმოჩნდა.

🔬 GeoCybernetics-ის ხედვა

იმუნოთერაპიის წინააღმდეგ რეზისტენტობის დაძლევა ყოველთვის არ ნიშნავს იმუნური სისტემის უფრო ძლიერად „დაპროგრამებას". ზოგჯერ პრობლემა თავად სამიზნე უჯრედშია.
თუ სიმსივნური უჯრედი კარგავს იმ მოლეკულას, რომლის ამოცნობაც იმუნურ უჯრედს შეუძლია, თერაპიული სტრატეგიის შეცვლის ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს არა ახალი სამიზნის ძებნა, არამედ დაკარგული სამიზნის დროებით აღდგენა.
ეს პრინციპი ჯერ მხოლოდ პრეკლინიკურ დონეზეა შესწავლილი, მაგრამ კონცეპტუალურად საინტერესოა: თერაპიული ჩარევა შეიძლება მიმართული იყოს არა მხოლოდ იმუნურ სისტემაზე, არამედ სიმსივნური უჯრედის მდგომარეობის შეცვლაზეც.
კვლევა ადამიანებში გამოყენებულ მკურნალობას ჯერ არ წარმოადგენს. მკვლევრები ამჟამად იმ სამუშაოებს ასრულებენ, რომლებიც TSHR-ზე მიმართული CAR-T თერაპიის პირველი ფაზის კლინიკური გამოცდისთვის არის საჭირო.

3. თითქმის ერთი მილიონი უჯრედი — ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მოლეკულური რუკა

კიბოსგან სრულიად განსხვავებული მიმართულებით, მესამე კვლევა გულის ერთ-ერთი რთული დაავადების — ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის (HCM) — მოლეკულურ არქიტექტურას იკვლევს. HCM-ის დროს გულის კუნთი სქელდება და იკვრება, რასაც გულის უკმარისობამდე ან უეცარ კარდიულ გაჩერებამდე მივყავართ. დაავადება შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც სარკომერის გენების პათოგენურ ვარიანტებთან, ისე სხვა, ჯერ აუხსნელ ფაქტორებთან.

Harvard Medical School-ის, Brigham and Women’s Hospital-ისა და გერმანიის Max Delbrück Center for Molecular Medicine-ის მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა (კვლევას თანახელმძღვანელობდნენ Yuri Kim და Eleonora Adami, უფროსი ავტორები — Christine , Jonathan Seidman-ები და Norbert Hübner) — გამოიყენა single-nucleus RNA sequencing10. მათ გააანალიზეს 47 პაციენტის გულის ქსოვილი, ადრეული (ობსტრუქციული, შენარჩუნებული სისტოლური ფუნქციით) სტადიიდან ტერმინალურ სტადიამდე, და მონაცემები ჯანმრთელი დონორებისა და დილატაციური კარდიომიოპათიის მქონე ქსოვილებს შეადარეს. მთლიანობაში ანალიზმა თითქმის ერთი მილიონი ინდივიდუალური გულის უჯრედის მოლეკულური პროფილი მოიცვა. კვლევა 16 სექტემბერს გამოქვეყნდა Science Translational Medicine-ში.

💡 კონტექსტისთვის: რას ნიშნავს single-cell ან single-nucleus მიდგომა?

ტრადიციული მოლეკულური ანალიზი ხშირად ქსოვილს მთლიანობაში განიხილავს. ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის უჯრედისგან მიღებული სიგნალები ერთმანეთს ერევა და საშუალო სურათი გვრჩება.
single-cell ან single-nucleus sequencing-ის იდეა განსხვავებულია: მკვლევარს შეუძლია გენური ექსპრესიის პროფილი ცალკეული უჯრედის ან უჯრედის ბირთვის დონეზე დაინახოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთულ ქსოვილებში, მაგალითად გულში, სადაც კარდიომიოციტებთან ერთად მრავალი სხვა ტიპის უჯრედი მონაწილეობს დაავადების პროცესში.


გენეტიკური და არაგენეტიკური HCM ერთი და იგივე არ არის

მკვლევრებმა აღმოაჩინეს განსხვავებები გენეტიკურ და არაგენეტიკურ HCM-ს შორის, ასევე დაავადების ადრეულ და გვიან სტადიებს შორის.

გენეტიკურ HCM-ში გულის კუნთის უჯრედების წილი შედარებით დაბალი იყო როგორც ჯანმრთელ ქსოვილთან, ისე არაგენეტიკურ HCM-თან შედარებით. გარდა ამისა, გენეტიკურ HCM-ში გაზრდილი იყო არითმიასა და ფიბროზთან დაკავშირებული გენების ექსპრესია — ორივე ფაქტორი დაავადების პროგრესირებას უწყობს ხელს. ავტორების შეფასებით, სწორედ ეს მოლეკულური განსხვავებები ხსნის, რატომ გვხვდება გენეტიკურ ფორმაში უფრო ხშირად არითმიები და გულის უკმარისობამდე პროგრესირება.

მკვლევრებმა ასევე გამოავლინეს PRR16, როგორც გენი, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს HCM-ისთვის დამახასიათებელ კარდიომიოციტების გადიდებასთან. მისი გაზრდილი ექსპრესია დადასტურდა როგორც RNA in situ ჰიბრიდიზაციით, ისე ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებიდან მიღებული კარდიომიოციტების HCM-მოდელში.

ცალკე მნიშვნელოვანი აღმოჩენა სტადიებს შორის განსხვავებას ეხება. ფიბრობლასტებში — უჯრედებში, რომლებიც უჯრედგარე მატრიქსის წარმოქმნასა და შენარჩუნებაში მონაწილეობენ — ადრეულ HCM-ში კოლაგენ IV-ის ექსპრესია შემცირებული იყო. ავტორების შეფასებით, ასეთი დეფიციტი მატრიქსის დესტაბილიზაციას უნდა იწვევდეს. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან HCM-ის მოლეკულური სურათი მხოლოდ გულის კუნთის უჯრედებით არ შემოიფარგლება.

როდესაც AI მოლეკულური რუკის წაკითხვას სწავლობს

კვლევის ბოლო ნაწილი AI მოდელს უკავშირდება. მკვლევრებმა გენური ექსპრესიის მონაცემებზე გაწვრთნილი მოდელი გამოიყენეს იმის შესამოწმებლად, რამდენად შესაძლებელი იყო დაავადების სხვადასხვა მდგომარეობის ერთმანეთისგან გარჩევა. მოდელმა შეძლო ადრეული და გვიანი HCM-ის, HCM-ისა და დილატაციური კარდიომიოპათიის, ასევე გენეტიკური და არაგენეტიკური HCM-ის ერთმანეთისგან განსხვავება.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ იგივე დიფერენცირება შესაძლებელი იყო მხოლოდ ფიბრობლასტების გენური ექსპრესიის მონაცემების გამოყენებითაც — ანუ იმ უჯრედებისა, რომლებიც დაავადების პირდაპირ სამიზნეს არ წარმოადგენენ. თავად ავტორებმაც ეს მოულოდნელ შედეგად შეაფასეს, რადგან კარდიომიოპათიები ტრადიციულად გულის კუნთის უჯრედების დაავადებად მიიჩნევა.

ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ შეიქმნა კლინიკაში გამოსაყენებელი დიაგნოსტიკური AI სისტემა. უფრო ზუსტად, კვლევა აჩვენებს, რომ უჯრედული მიკროგარემო შესაძლოა დაავადების შესახებ გაცილებით მეტ ინფორმაციას ინახავდეს, ვიდრე მხოლოდ სამიზნე უჯრედების შესწავლით ჩანს.


სამი კვლევა — ერთი მეთოდოლოგიური მიმართულება

სქემატური მიმოხილვითი სურათი: მოლეკულური ჩარევიდან უჯრედული რუკის შედგენამდე: დაავადების კვლევის სამი მეთოდოლოგიური მიმართულება

არასწორი იქნებოდა სამივე კვლევას შორის პირდაპირი ბიოლოგიური კავშირის შექმნა. Irx5-ით გამოწვეული ვენეტოკლაქსის რეზისტენტობა, TSHR-ის აღდგენა CAR-T თერაპიისთვის და HCM-ის უჯრედული არქიტექტურა სხვადასხვა ბიოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს.

მაგრამ მათ შორის არსებობს უფრო ღრმა, მეთოდოლოგიური მსგავსება: სამივე კვლევა რთული სისტემის შიგნით მნიშვნელოვანი კვანძების პოვნას ცდილობს.

CRISPRa-ს შემთხვევაში მკვლევრები ათასობით შესაძლო გენეტიკური კვანძიდან ეძებენ მათ, რომელთა აქტივაციას შეუძლია უჯრედის ქცევის შეცვლა. CAR-T კვლევაში მკვლევრები აკვირდებიან, შეიძლება თუ არა სიმსივნური უჯრედის მდგომარეობის შეცვლა ისე, რომ ადრე დაკარგული სამიზნე კვლავ გამოჩნდეს. HCM-ის შემთხვევაში კი მკვლევრები ქმნიან უჯრედულ და მოლეკულურ რუკას, რომელიც დაავადების სხვადასხვა ფორმასა და სტადიას ერთმანეთისგან განასხვავებს.

ეს არის გადასვლა „ერთი სამიზნიდან” სისტემის რუკისკენ.

🔬 GeoCybernetics-ის ხედვა

მოლეკულური რუკის შექმნა შეიძლება შთამბეჭდავად ჟღერდეს, მაგრამ რუკა და მკურნალობა ერთი და იგივე არ არის.
რუკა გვიჩვენებს, სად ხდება ცვლილება. შემდეგი და გაცილებით რთული კითხვაა — რა იწვევს ამ ცვლილებას, რა არის მიზეზი და რა შედეგი, და რომელი კვანძის შეცვლა იქნება უსაფრთხო და თერაპიულად ეფექტური?
CRISPRa-ით აღმოჩენილი რეზისტენტობის გენი შეიძლება პერსპექტიული კვლევითი სამიზნე გახდეს, მაგრამ ის თაგვის მოდელშია ნაპოვნი და ადამიანში მისი მნიშვნელობა ჯერ დასადასტურებელია. TSHR-ის აღდგენა CAR-T-ისთვის საინტერესო პრეკლინიკური სტრატეგიაა, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორ იმუშავებს იგი ადამიანებში. HCM-ის
თითქმის მილიონი უჯრედის მოლეკულური პროფილი კი დაავადების მოლეკულურ სტრუქტურას გვიჩვენებს, თუმცა ახალი სამიზნის აღმოჩენა თავისთავად არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ ეფექტური პრეპარატი არსებობს.
ამიტომ ასეთი კვლევების მნიშვნელობა მხოლოდ კონკრეტულ აღმოჩენებში არ უნდა ვეძებოთ. მათი ღირებულება იმაშიც მდგომარეობს, რომ ისინი მეცნიერებს უფრო დეტალურ სამუშაო რუკებს აძლევს.


დასკვნა — დაავადების დანახვა უფრო მაღალი გარჩევადობით

2026 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ეს სამი კვლევა სამი სრულიად განსხვავებული ბიოლოგიური პრობლემის მაგალითია. პირველი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება მაღალი სიმჭიდროვის CRISPRa სკრინინგმა გამოავლინოს გენები, რომლებიც სიმსივნის ზრდასა და წამლის მიმართ რეზისტენტობაში მონაწილეობენ. მეორე აჩვენებს, რომ აგრესიული სიმსივნის შემთხვევაში შესაძლოა საინტერესო იყოს არა მხოლოდ იმუნური უჯრედის მოდიფიცირება, არამედ თავად სიმსივნური უჯრედის მოლეკულური მდგომარეობის შეცვლა. მესამე კი გვიჩვენებს, რამდენად რთულია გულის დაავადების უჯრედული არქიტექტურა, როდესაც მას თითქმის ერთი მილიონი უჯრედის დონეზე ვაკვირდებით.

ამ კვლევებისგან ჯერ არ უნდა დავასკვნათ, რომ ახალი მკურნალობები კლინიკურ პრაქტიკასთან ახლოს არის. ისინი პრეკლინიკურ ან კვლევით ეტაპზეა და აღმოჩენილი მექანიზმების დამოუკიდებელი დადასტურება, ასევე ადამიანებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასება ჯერ კიდევ საჭიროა.

მაგრამ აქ სხვა რამ ხდება მნიშვნელოვანი. თანამედროვე ბიომედიცინა სულ უფრო უკეთ სწავლობს არა მხოლოდ ცალკეულ მოლეკულებს, არამედ მათ შორის არსებულ ურთიერთობებს, უჯრედულ მდგომარეობებსა და დაავადების დინამიკას.

და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მოლეკულური რუკის შედგენის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება: რაც უფრო მაღალი გარჩევადობით ვხედავთ დაავადებას, მით უფრო ზუსტად შეგვიძლია დავსვათ კითხვა — თუ სად უნდა ჩავერიოთ, რაც ჯერ კიდევ კვლევის საგანია, და საბოლოო პასუხს ახლო მომავალში უნდა ველოდეთ.


📚 GeoCybernetics-ის სამეცნიერო ლექსიკონი და საგანმანათლებლო ცნობები

  1. მოლეკულური რუკა (Molecular map) — დაავადების დროს გენების, ცილების, უჯრედული ტიპებისა და სიგნალიზაციის გზების ცვლილებებისა და მათ შორის ურთიერთკავშირების სისტემური წარმოდგენა.
    ↩︎
  2. CRISPR (Clustered Regularly Interspaced Short Palindromic Repeats) — არის რევოლუციური ბიოტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც მეცნიერებს საშუალებას აძლევს ზუსტად შეცვალონ და დაარედაქტირონ ცოცხალი ორგანიზმების დნმ (გენომი)
    ↩︎
  3. CAR-T (Chimeric Antigen Receptor T-cell) — იმუნოთერაპიული მიდგომა, რომლის დროსაც პაციენტის T-ლიმფოციტებს გენეტიკურად ცვლიან, რათა მათ კონკრეტული მოლეკულური სამიზნის მქონე უჯრედების ამოცნობა და განადგურება შეძლონ. 
    ↩︎
  4. CRISPRa (CRISPR activation) — CRISPR-ზე დაფუძნებული მეთოდი, რომელიც კონკრეტული გენების ექსპრესიის გასაძლიერებლად გამოიყენება. ამისთვის ხშირად გამოიყენება კატალიზურად არააქტიური Cas9 (dCas9), რომელიც DNA-ს თანმიმდევრობას არ ჭრის, არამედ მასზე მიერთებული აქტივაციის დომენის საშუალებით გენის ექსპრესიას აძლიერებს.
    ↩︎
  5. Loss-of-function — ექსპერიმენტული მიდგომა, რომლის დროსაც კონკრეტული გენის ფუნქციის დაკარგვის შედეგს სწავლობენ.
    ↩︎
  6. TSHR (Thyroid-Stimulating Hormone Receptor) — თირეოტროპინის რეცეპტორი, უჯრედის ზედაპირზე არსებული ცილა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებში ჰორმონულ სიგნალებზე პასუხის გადაცემაში მონაწილეობს.
    ↩︎
  7. რედიფერენცირება (redifferentiation) — პროცესი, რომლის დროსაც დიფერენცირებული თვისებების დაკარგულმა სიმსივნურმა უჯრედმა შესაძლოა ნაწილობრივ დაიბრუნოს უფრო დიფერენცირებული მდგომარეობისთვის დამახასიათებელი მახასიათებლები.
    ↩︎
  8. PDX მოდელი (patient-derived xenograft) — პაციენტის სიმსივნის ქსოვილი, გადანერგილი ლაბორატორიულ ცხოველში. უფრო ზუსტად ინარჩუნებს თავდაპირველი სიმსივნის თვისებებს, ვიდრე უჯრედული ხაზები.
    ↩︎
  9. ანტიგენის სიმკვრივე (antigen density) — სამიზნე მოლეკულის რაოდენობა უჯრედის ზედაპირზე. CAR-T თერაპიის ეფექტურობა ხშირად არა მხოლოდ სამიზნის არსებობაზე, არამედ მის სიმკვრივეზეა დამოკიდებული.
    ↩︎
  10. Single-nucleus RNA sequencing (snRNA-seq) — მეთოდი, რომელიც ცალკეული უჯრედების ბირთვებში არსებული RNA-ის მიხედვით გენური ექსპრესიის შესწავლის საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით სასარგებლოა რთული ქსოვილების მოლეკულური შემადგენლობის დასახასიათებლად.
    ↩︎

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Sarah T. Diepstraten et al. , A high-density CRISPR activation platform for mapping cancer dependencies and resistance pathways ex vivo and in vivo. Science Advances .12, eaec0722 (2026). DOI:10.1126/sciadv.aec0722
  2. Manriquez-Roman, C., Siegler, E.L., Gleba, J.J. et al. Redifferentiation-enabled TSHRCART cells overcome antigen loss in aggressive thyroid cancers. Molecular Cancer  25, 219 (2026). https://doi.org/10.1186/s12943-026-02744-0
  3. Eleonora Adami et al.,The molecular landscape of hypertrophic cardiomyopathy across disease stages and genotypes. Science Translational Medicine — 18, eaea2747(2026). DOI:10.1126/scitranslmed.aea2747

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *